ინტენდანტი (გენერალ-ინტენდანტი, ფრანგ. intendant — მმართველი, ზედამხედველი) — ფინანსების მართვაზე ან ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ოფიციალური პირი.

საფრანგეთში

რედაქტირება

ოფიციალური პირი XV—XVIII ს.ს. საფრანგეთში, რომელიც პასუხისმგებელი იყო ცალკეული სახელმწიფო სფეროების ზედამხედველობაზე: ვაჭრობის, ფინანსების, პოლიციის, უძრავი ქონების და სხვ. მინისტრებისათვის შეუფერებელი ასეთი უფლებამოსილება შემოღებული იქნა კარდიონალ რიშელიეს (1585—1642) მიერ, რომელიც მიისწრაფოდა ადმინისტრაციული აპარატის ცენტრალიზებისაკენ.

1552 წელს ანრი II-მ შემოიღო ფინანსთა ინტენდანტის თანამდებობა, რომლითაც მაშინ სამი ადამიანი იყო დაკავებული. 1561 წელს შემოღებულ იქნა მათზე მაღალი - ფინანსთა სუპერინტენდანტის თანამდებობა, რომელსაც დაემორჩილა მანამდე არსებული სამი ინტენდანტი. 1581 წელს ანრი III-მ დააწესა სასახლის მთავარი ინტენდანტის თანამდებობა. მუსიკის მთავარი ინტენდანტის უფლებამოსილება პირველად გადაეცა იტალიერლ მევიოლინეს, ბალთაზარინ დე ბელჯოზოს, რომელმაც დადგა სპექტაკლი ”დედოფლის კომედიური ბალეტი”. მან პირველად მოახდინა სპექტაკლში მუსიკისა და ცეკვის წარმოდგენა, როგორც სასცენო ხელოვნება, ამასთანავე სათავე დაუდო სასახლის ბალეტს.

XVII—XVIII ს.ს. არსებობდნენ აგრეთვე, პროვინციების ინტენდანტები, რომლებიც ფლობდნენ სასამართლო, საპოლიციო, ფინანსურ და სამხედრო ხელისუფლებასაც კი ზოგიერთ ადგილებში. ცენტრალურ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულობა მათ უფლებას აძლევდა ყოფილიყვნენ მმართველთა ნებისმიერი სურვილის ერთადერთი შემსრულებელნი. გუბერნატორთაგან განსხვავებით, რომლებიც აუცილებლად წარჩინებულთა კლასიდან ინიშნებოდნენ, ინტენდანტებად მსახურობდნენ მხოლოდ საშუალო კლასის წარმომადგენლები. ინტენდანტებს ბევრად უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდათ, ვიდრე გუბერნატორებს. მოგვიანებით პროვინციების ინტენდანტთა ბევრი ფუნქცია გადავიდა პრეფექტების ხელში.

ესპანეთში

რედაქტირება

მონარქიულ ესპანეთში ინტენდანტი — მატერიკზე და კოლონიურ ესპანეთში ინტენდანსიის — სპეციალური ადმინისტრაციის (ფაქტობრივად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული) ერთეულის მეთაური.

ამის გარდა, ინტენდანტი - შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჯარის მომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც XIX საუკუნიდან დაწყებული ინტენდანტები არსებობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ავსტრო-უნგრეთულ და სხვა არმიებში.

რუსეთის იმპერიაში

რედაქტირება

ინტენდანტის თანამდებობა არსებობდა რუსეთის არმიის სამხედრო-საველე შტაბში 1812—1868 წ.წ. იგი პასუხისმგებელი იყო სავაჭრო მომარაგებაზე, ფინანსებზე, მედიცინაზე, არმიის ვეტერინარულ და ნივთებით უზრუნველყოფაზე. ასევე უწოდებდნენ ამ სახელს 1864-1867 წ.წ. რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს მთავარი საინტენდანტო სამმართველოს მეთაურს.

  • გენერალ-ინტენდანტი (1812—1868), იგივე არმიის გენერალ-ინტენდანტი
  • 1868 — არმიის გენერალ-ინტენდანტის სამსახური შეიცვალა არმიის ინტენდანტით.

საბჭოთა კავშირში

რედაქტირება

ინტენდანტის სამსახური საბჭოთა შეიარაღებულ ძალებშიც არსებობდა 1940—1955 და 1958—1959 წ.წ.