ილია ჩიქოვანი

ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი (ფსევდონიმი: პონტელი; დ. 31 ოქტომბერი, 1870, ქუთაისი — გ. 10 ნოემბერი, 1950) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

ილია ჩიქოვანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ილია ჩიქოვანი დაიბადა ქალაქ ქუთაისში (ან სამეგრელოში[1]). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1891 წელს სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც ერთი წელი საზღვარგარეთ სწავლა გააგრძელა.

1892-1895 წლებში ილია ჩიქოვანი თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიასთან“. აქვეყნებდა ლექსებსა და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებს „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „მოამბეში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილები ეხებოდა საგანმანათლებლო, სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხებს.

ილია ჩიქოვანი ქუთაისში, საფინანსო დარგში ხარჯთამკრებთა ინსპექტორად მსახურობდა. 1902 წელს იგი ქალაქ ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად აირჩიეს, ხოლო 1911 წელს – ქუთაისის ქალაქის თავად. 1912 და 1915 წლებში ქუთაისის მოურავის მოვალეობას ასრულებდა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან თეატრის აშენება განიზრახა, რისთვისაც ეკატერინე სარაჯიშვილს გადაადებინა კიდეც თეატრის ასაშენებელი თანხა 150.000 მანეთი, ხოლო ქუთაისის დრამატული საზოგადოების ნივთიერი სახსრების გასაძლიერებლად 25.000 მანეთი.

ილია ჩიქოვანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ქუთაისის გუბერნიის კომისრად, ხოლო 1918 წელს ქუთაისის სახაზინო პალატის მმართველად დაინიშნა. 1919 წლის თებერვალს ჩაირიცხა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის აპარატში[2].

1921-1922 წლებში, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ილია ჩიქოვანი ქუთაისში ხელოვნების მუშაკთა გამგეობის წევრად აირჩიეს. 1923 წლიდან თბილისში განათლების სახალხო კომისარიატში მსახურობდა. 1924-1940 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში.

ილია ჩიქოვანი გარდაიცვალა 1950 წლის 10 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ახლად არჩეული ქუთაისის ქალაქის თავი ილია ჩიქოვანი // თემი. - თბილისი, 1911. - N 11 (21 მარტი). - გვ.3.
  2. განკარგულებანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროსი : 11 თებერვალი, 1919 წ. N 33 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1919, - N 48 (1 მარტი). - გვ. 1.