იკოთის წმინდა მარინეს ეკლესია
იკოთის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ძველ სასაფლაოზე მდებარე ეკლესია, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კუთხეებში და ლავგარდანზე გამოყენებულია ქართული აგური. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოთავსებულია წყვილი, შეისრულთაღიანი ნიშა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. კონქში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის კამარა შეისრული ფორმისაა. კამარის საბრჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში შეისრულთაღიანი ნიშებია მოწყობილი. დასავლეთ კედელში შესასვლელის ორივე მხარეს - თაღოვანი ნიშებია. დარბაზი ნათდება სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის თაღოვანი სარკმლებით. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თაღოვანი შესასვლელებია. სამხრეთ შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვის კვადრებზე, მოთავსებულია მხედრული წარწერა, რომლის ამოკითხვა ვერ მოხერხდა. კვადრს მცენარეული ორნამენტი აჩარჩოებს. შესასვლელს ორივე მხარეს ჩამოუყვება კედლის წყობაში ჩაძირული რომბები, ანალოგიურია დასავლეთი კარის მორთულობაც. შესასვლელის თავზე მოწყობილია თაღოვანი ნიშა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ, კედლის წყობაში ჩაძირული გოლგოთის ჯვარია გამოსახული. ეკლესიას აგურის ვერტიკალური წყობის კარნიზი აქვს. საბურავად გამოყენებულია შიფერი. სახურავი მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. შესასვლელის და სარკმლის წირთხლები დაზიანებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 96