იკოთის წმინდა გიორგის ეკლესია

იკოთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

დარბაზული ეკლესია, სამხრეთის და დასავლეთის მინაშენებით, დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით მართკუთხა მოხაზულობისაა, სწორკუთხა საკურთხეველში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის სამხრეთით ორი შეისრული, ხოლო ჩრდილოეთით - ორი არქიტრავული ნიშაა. სარკმელთან დგას მასიური ტრაპეზის ქვა. საკურთხეველს ხარისხი შემოუყვება. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოწყობილია ქვის კანკელი. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი, წყვილი პილასტრებით, ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. კამარის საბრჯენი თაღები პილასტრების მარტივი ფორმის კაპიტელებს ეყრდნობა. ასეთივე თაღი დასავლეთ კედელზეც გადადის. დარბაზის კედლებს ხარისხი შემოუყვება. ეკლესია ნათდება სამხრეთით ორი, დასავლეთით კი ერთი თაღოვანი სარკმლით; არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიას სამხრეთიდან ოთხკუთხა ფორმის კარიბჭე და მინაშენი აქვს. კარიბჭეს არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მინაშენს, კი თაღოვანი კარით უკავშირდება. სამხრეთი მინაშენი გეგმით მართკუთხაა. გრძივ კედლებს ორი წყვილი პილასტრი ანაწევრებს. მინაშენის გადახურვის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. ინტერიერში ყრია მიწა და ჩამონაშალი ქვა; ამოსულია მცენარეულობა. დასავლეთ მინაშენის გეგმა არ იკითხება; დაფარულია მიწით და ქვებით. ჩანს მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის კუთხე 1,5 მ-ის სიმაღლეზე. ეკლესიიდან აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული, გეგმით სწორკუთხა, ღია, თაღოვან ნაგებობას წარმოადგენს. შუაში გადადის ნახევარწრიული თაღი, რომელიც სამმაგლილვიან იმპოსტებს ეყრდნობა. მეორე სართულზე ასასვლელი არაა შემორჩენილი, ჩანს მხოლოდ ოდნავ შეისრული თაღები. სამრეკლო ნაგებია ფლეთილი ქვით. ეკლესია და სამრეკლო მოქცეულია გალავანში. გალავნის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ფრაგმენტები დაფარულია მიწით და მცენარეებით. მათი აზომვა არ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 93-94