იკოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია

იკოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასიმეტრიული ფორმის ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. კონქი ოდნავ შებრტყელებულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. დარბაზი ნათდება სამხრეთისა და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოწყობილი. ძეგლი იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი გეგმა არ იკითხება. ეკლესიის საბურავი მთლიანად ჩამოცვენილია. ფასადებს საპირე შემოცლილი აქვს. კედლები დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 95