ივანე მონისძე
ივანე მონისძე — XI საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი. შემორჩენილია მის მიერ ხელმოწერილი და ზუსტად დათარიღებული (1040) ორი მცირე ზომის ფირფიტა წმ. ბასილისა და წმ. ნიკოლოზის გამოსახულებებით. ეს ფირფიტები, სხვებთან ერთად, დაკრული იყო შემოქმედის მონასტრის ღვთისშობლის ხატის არშიაზე (ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია). ფირფიტები ერთნაირი მოყვანილობისაა - ვიწრო, მაღალი, ზემოთ ნახევარწრიული მოხაზულობისა; თითოეულზე თითო გამოსახულებაა. წმ. ნიკოლოზისა და წმ. ბასილის გამოსახულებები შესრულებულია გლუს ფონზე, ფრონტალურად, მთელი ტანით. მეტყველი სახეები ინდივიდუალიზებულია, სხეულთა პროპორციები - სწორი. მოქანდაკე შეგნებულად ქმნის მოცულობას. აქ საქმე გვასქვს ქართული ოქრომქანდაკებლობის იმ საფეხურთან, როდესაც ოსტატები სკულპტურულ-პლასტიკურ ამოცანებს ისახავენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 90, თბ., 1980