ივანე ილარიონის ძე ადამიძე (დ. 1889, თბილისი, — გ. 30 სექტემბერი, 1937) — ქართველი სამხედრო პირი.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918); იყო კავკასიელ მსროლელთა მე-15 პოლკის პოდპორუჩიკი, პორუჩიკი, შემდეგ შტაბს-კაპიტანი. ერზრუმის რეგიონში 1916 წლის თებერვლის ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის მიიღო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1916). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. სტანისლავის III (ხმლითა და ბაბთით) და წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისათვის“) ხარისხის ორდენებით (ორივე, 1917). გარკვეული ხანი ოსმალთა ტყვეობაში გაატარა.

1918-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარის ოფიცერი, 1921 წელს — ქართული სამხედრო სკოლის ნაცვალთა ათასეულის კაპიტანი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ შემდეგ მსახურობდა წითელ არმიაში პოლკოვნიკის წოდებით. მეთაურობდა ქართველ მსროლელთა 1-ლ ლეგიონს. იყო თბილისის ადგილობრივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შტაბის უფროსი. 1937 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ადამიძე ივანე ილარიონის ძე / სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.
  • Адамидзе Иван Илларионович. «Офицеры русской императорской армии».