თხოვება
თხოვება — ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობაში[1]. ხელშეკრულებაში მონაწილეობს ორი მხარი — გამნათხოვრებელი და მონათხოვრე, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. თხოვების ხელშეკრულებისთვის არსებითია ის, რომ გამნათხოვრებელი მონათხოვრეს გადასცემს ნივთს სარგებლობაში არა მუდმივად, არამედ განსაზღვრული დროით, თანაც უსასყიდლოდ.
ხელშეკრულების შინაარსი
რედაქტირებაგამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის[2]. თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი[3].
მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არ აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე[4].
მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით[5].
ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით[6].
მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან[7].
თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება[8].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, თბ., 2001
- ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 616-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 617-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 618-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 620-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 622-ე მუხლი