თქვაფუნა, თქვაფა რაჭულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანი და ტკბილია. წიპწები გარსშია მოქცეული.

თქვაფუნა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 164 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 8.0-10.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.6 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 160