თონეთის სიონი
თონეთის სიონი — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში. თარიღდება XII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (9X5 მ.), ნაგებია დიდი ზომის უხეშად გათლილი კვადრებით. შემორჩენილია ნანგრევი სამხრეთის და დასავლეთის მინაშენით. აღმოსავლეთით გააჩნია ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხეველი. მასში თაღოვანი სარკმლის მარჯვნივ ნიშია მოთავსებული. აფსიდში დევს ტრაპეზის ქვა, რომელზედაც ამოკაწრულია ჯვრის გამოსახულება. საკურთხევლის წინ ჩანს ქვის კანკელის ცოკოლი. ნავის კამაროვანი გადახურვა შემაგრებული ყოფილა საბჯენი თაღებით, რომლებიც კრონშტეინებს ეყრდნობოდა. ნაგებობის მთავარ კორპუსს მოგვიანებით დასავლეთიდან და სამხრეთიდან სათავსები მიაშენეს. სამხრეთის სათავსი (1,60 მ. სიგანის) მცირე ეკლესიის ფუნქციას ასრულებდა. სამხრეთის მინაშენში ორი კარია გაჭრილი, ერთი მდებარეობს ეკლესიის შესასვლელის ღერძზე, მეორე გაჭრილია დასავლეთ კედელში. სამხრეთი მინაშენი ნათდება აღმოსავლეთი სარკმლით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14135