თინიკაანის სამების ეკლესია

თინიკაანის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თინიკაანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

დარბაზულ ეკლესიას ჩრდილოეთით თითქმის თანადროული მინაშენი აქვს. გეგმით მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ნიშაა. სარკლმის ძირში და საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ქვები დგას. საკურთხევლის კონქი სფერულია. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ამავე კედელში გაჭრილია კარი, რომელიც მინაშენს უკავშირდება. ეკლესიას არ აქვს დამოუკიდებელი კარი. ეკლესიის კამარა ცილინდრულია. დასავლეთ კედელში მოთავსებულია არქიტრავული სარკმელი. მინაშენი გეგმით მართკუთხაა. შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ინტერიერში, სამხრეთ კედელზე შემორჩენილია განიერი პილასტრი, რომელსაც კედლის თაღები ებჯინება. აღმოსავლეთ კედელში სარკმელი და თითო ნიშაა. მინაშენის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე ჩასმული ფილა ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია მოწითალო ფერის ფლეთილი ქვა. ძეგლის გარშემო მშრალი წყობის გალავანია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 87