თითა ქართლური
თითა ქართლური, თითა ყურძენი, ატენის თითა, ატენური თითა, ყვითელი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ქართლში თითას სახელწოდებით ორი განსხვავებული ჯიში გვხვდება — თითა ქართლური, რომელიც ასევე ატენურისა და ყვითლის სახელებითაა ცნობილი და კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული ჯიში „რბილთითა“, რომლის მარცვლები რბილი და წვნიანია.
თითა ქართლურს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშთა შორის შუალედური ადგილი უჭირავს. აღმოსავლური თვისებებიდან მისთვის დამახასიათებელია მარცვლის ფორმა. დასავლეთის ჯგუფიდან კი — მტევნის ზომა, ახალგაზრდა ყლორტის შებუსვა და ა.შ. მისი მცირე ნარგავები ქართლის ცენტრალურ რაიონებში და მესხეთშია თავმოყრილი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს ძარღვებს შორის არე შიშველია ან გასდევს უმნიშვნელო აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუ-სური ფორმის, ფრთიანი, კუმსი, გვხვდება საშუალო სიკუმსისა და თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოგრძო-ოვალური. სიმწიფის პერიოდში აქვს მომწვანო-მოყვითალო ელფერი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნია-ნია ძალიან ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.
თითა ქართლური ძლიერი ზრდითა და საშუალომოსავლიანობით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 167 დღეა. მტევნის საშუალო წონა 155-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.7-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.4-20%-ს, მჟავიანობა — 5.3-6 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად. ხასითდება ლამაზი გარეგნობითა და სასიამოვნო გემოთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 158