თერაზილერის ხიდი

არქიტექტურული ძეგლი

თერაზილერის ხიდი — ხიდი თურქეთში, დეღრიმენდერეს ხეობაში, ზღვის სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 8 კილომეტრში.

ეს ხიდი უძველესია ყველა იმხიდს შორის, რომელიც ექსპედიციამ მოიხილა და შეისწავლა. შეიძლება ითქვას, რომ იგი რომაელთა ბატონობის ხანას განეკუთვნება. ხიდის ბურჯები პირდაპირ კლდეს ეფუძნება. ისინი უზადოდ დამუშავებულ ქვიშაქვის კვადრებითაა ნაგები, რომელსაც კარნიზი აბოლოებს. კარნიზი სამ ფასციადაა დაყოფილი და იონურ ტრადიციას მოგვაგონებს. იგი იმდენადაა წინ გამოზიდული, რომ სამშენებლო ბაქანის კოჭებისათვის კრონშტეინის ფუნქცია შეუსრულებია. უკანასკნელ ხანს ხიდი აღუდგენიათ ბეტონის ხსნარით. ხიდის თაღის რკალს არ ახლავს თავსართი სარტყელის სახით. სარტყელი, როგორც ჩანს, შედარებით გვიანდელი დანამატია. რომაულ ხიდებს ისინი არ აქვთ.

ხიდი მიუდგომელია იმისათვის, რომ ზუსტი ანაზომი შექმნილიყო. მისი ძირითადი სტატისტიკური მონაცემებია: მალის სიგრძე — 11 მეტრი, სასიარულო არეს სიგრძე — 32 მეტრი, სავალი ნაწილის სიფართე — 2,5 მეტრი. ბურჯების სიმაღლე კარნიზის ჩათვლით — 1,30 მეტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 81 ISBN 978-9941-0-6458-6.