სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

თენგიზ გიორგის ძე მაისურაძე (დ. 3 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 15 ივლისი, 2003, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1954-1967 წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის, 1967-1975 წლებში — რუსთავის თეატრებში, 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1970-1976 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. მაისურაძის შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხევისბერი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), ჯარისკაცი, ბრიგადირი, ვახტანგ ხანი (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“, „კახაბერის ხმალი“), ხირიმიანცი, გრენგოლმი (შ. დადიანის „ნაპერწლიდან“, „გუშინდელნი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), ქოხსალამურა (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), რანგო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ჯამბაკური (მ. ელიოზიშვილის „ბერიკონი“) და სხვ. გამორჩეული იყო მერძევე ტივიეს როლი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მიუზიკლში „მევიოლინე სახურავზე“ (შ. ალეიხემის მიხედვით. რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებსა და რადიოსპექტაკლებში. გადაღებულია ფილმებში: „უდიპლომო სასიძო (ზურაბი, რეჟისორი ლ. ხოტივარი, 1961), „დათა თუთაშხია“ (მახო, რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); „თეთრი ბაირაღები“ (გამცემლიძე, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება