თელავის სადროშე
თელავის სადროშე — კომპლექსური ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტ ქალაქ თელავში.
კოხტა პროპორციების, მართკუთხა გეგმარების მქონე დარბაზული ტიპის, მომცრო ზომის ნაგებობა გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. ის ისტორიული ფუნქციის მატარებელი იყო და „სადროშეს“ წარმოადგენდა. სადროშე ძველი თელავის საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილია. ნაგებობა დღეს მოქცეულია თელავის დრამატული თეატრის შუშის ფოიეს შიდა სივრცეში. ნაგებობა ნაშენია რიყის ქვისგან, ფასადები შეულესავია, ხოლო კარ-სარკმელთა შეისრული ფორმის თავსართებისთვის გამოყენებულია ქართული ბრტყელი აგური. I სართულზე ვიწრო შეისრულთაღოვანი შესასვლელები აქვს მოწყობილი. II სართულზე და გადახურვის ქვემოთ სათოფურები და პატარა სარკმლები აქვს გაჭრილი. აღმოსავლეთ მხარეს ასრულებს ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც გარედან ჩაწერილია გეგმარების სწორ კედელში. აღმოსავლეთ მხარეს ორი თახჩა და სარკმელია გაჭრილი პირველი სართულის დონეზე, ხოლო ზემოთ, სათოფურები და მცირე ზომის საჭვრეტელები.