თეიმურ ფიზული ოღლი მამედოვი (აზერ. Teymur Füzuli oğlu Məmmədov; დ. 11 იანვარი, 1993, ტომსკი, რუსეთი) — აზერბაიჯანელი მოკრივე. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის მედალოსანი (2011 და 2013), 2015 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებული და 2011 წლის ევროპის ჩემპიონი

თეიმურ მამედოვი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 იანვარი, 1993(1993-01-11) (31 წლის)
დაბ. ადგილი ტომსკი
სიმაღლე 198
ქვეყანა აზერბაიჯანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეიმური დაიბადა რუსეთის ქალაქ ტომსკში.[1] მისი მამა ფიზული დაიბადა ყაზახეთში, შიმქენთში, მამამისი წარმოშობით აზერბაიჯანელია, ხოლო დედა ყაზახი, რომელიც წარმოშობით აგრეთვე შიმქენიდანაა.[2]. სსრკ-ს დაშლის შემდეგ თეიმური მშობლებთან ერთად აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად. ფიზულ მამედოვი კარგი მოკრივე იყო და თავისი 13 წლის შვილი კრივის წრეზე შეიყვანა. თავად თეიმურ მამედოვი თავს აზერბაიჯანულად თვლის[1].

მან მოკრივის კარიერა 2006 წელს დაიწყო. თავისთვის პირველ სადებიუტო საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა 2008 წელს, მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ამ ტურნირზე მამედოვმა ოქროს მედალი მოიპოვა. შემდეგ, 2010 წლის ბაქოს მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მამედოვმა მოიგო პირველი ორი ბრძოლა, მაგრამ თურქ მოკრივესთან დამარცხების შემდეგ, მან დაასრულა თავისი გამოსვლა. ამ მარცხმა მამედოვს ჩამოართვა სინგაპურის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შესაძლებლობა[1].

2011 წელს მამედოვი გახდა ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს მან მეორე ადგილი დაიკავა ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

 
მამედოვი 2015 წლის პირველ ევროპულ თამაშებზე

თეიმურ მამედოვმა წარადგინა აზერბაიჯანი 2012 წლის ლონდონში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2012 წლის 31 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თეიმურ მამედოვს მიანიჭეს მედალი „ტარაგი“ (პროგრესი)[3].

2013 წელს, მამედოვმა მოახერხა მინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მან წააგო რუსი ალექსეი ეგოროვთან. იმავე წლის ოქტომბერში თეიმურმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ალმა-ატაში, ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ იტალიელ კლემენტე რუსოსთან.

2015 წელს ის გახდა პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებული, რომელმაც ფინალში დაამარცხა იტალიელი ვალენტინო მანფრედონია. იმავე წლის 29 ივნისს, თეიმურ მამედოვს მიენიჭა დიდების ორდენი პირველი ევროპულ თამაშებზე მაღალი მიღწევებისთვის და აზერბაიჯანის სპორტის განვითარების გაწეული დიდი სამსახურისთვის..

2016 წლის 5 აგვისტოს მამედოვი იყო აზერბაიჯანის მედროშე რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.