თბილისის ღვთისმშობლის ეკლესია (ლილო)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თბილისშისაქართველოში, თბილისის რეგიონში, უბან ლილოში. ეკლესია დგას დიდი ლილოს ჩრდილოეთ კიდეში, სასაფლაოზე. იგი დარბაზული ნაგებობაა და აშკარად ეტყობა მშენებლობის მინიმუმ ორი ეტაპი. ნაგებია რიყის, ქვიშაქვის კვადრებისა და აგურის მონაცვლეობით. ფართო თაღოვანი სარკმლები აშკარად მიუთითებს, რომ მე-19 საუკუნეშია განახლებული. შეისრული კამარა და მისი საბჯენი თაღები კი მიანიშნებს, რომ ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ბოლოს უნდა აგებულიყო. ძეგლის არქიტექტურა სრულად თანხვდება ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე საფლავის წარწერას, რომელშიც ნათქვამია, რომ 1839 წელს გარდაცვლილი იოსებ გაბათაშვილი ლილოში მოსულა მისი მშენებლობის დროს და აუშენებია სახლები, წისქვილი და ეკლესიის სამრეკლო. გამოდის, რომ სოფელი ლილო, გვიან შუა საუკუნეებში არსებული სოფელი შემოსევების შედეგად გაოხრებული ყოფილა და მისი ხელახლა გაშენება XVIII-XIX სს. მიჯნაზე დაწყებულა. ეკლესია დარბაზულია. შედგება დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე ერთმანეთზე მიშენებული ორი სრულიად განსხვავებული წყობით ნაგები ნაწილისგან. თავდაპირველი შესასვლელი ტაძარს სამხრეთ კედელში ქონია (ამჟამად ამოშენებულია). დასავლეთიდან მინაშენის გაკეთების შემდეგ კარიც ამ ნაწილში გაჭრეს. კარი სწორკუთხაა. ტაძარს დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელი აქვს, სამხრეთის კედელში კი მე-19 ს. გაჭრილი სამი თაღოვანი და ფართო სარკმელი. კედლები დასრულებულია აგურის ხერხულა კარნიზით, რომლითაც თავდაპირველი ეკლესიის კალთები აწეულია. ორქანობა სახურავის დასავლეთ ნაწილში აგურის ოთხი თაღით გახსნილი სამრეკლო ფანჩატურია დაშენებული. ნახევარწრიული აფსიდი შეისრულთაღზე დაყრნობილი კონქითაა დასრულებული. ტაძრის დარბაზი ფართო და შეისრულთაღიანი ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული. ასეთივე ნახევარპილასტრია გრძივი კედლების დას. კიდეში. დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა მოწყობილი. ეკლესია მთლიანად მოხატულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

1. https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=39414