თბილისის სურბ მინასის ეკლესია

თბილისის სურბ მინასის ეკლესია (სომხ. Սուրբ Մինաս եկեղեցի) — სომხური დარბაზული ეკლესია საქართველოში, ქალაქ თბილისში. მდებარეობს ავლაბარში ბარათაშვილის აღმართის მარცხენა მხარეს, გელათის ქუჩის №13-ში.

თბილისის სურბ მინასის ეკლესია
თბილისის სურბ მინასის ეკლესია — საქართველო
თბილისის სურბ მინასის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′37″ ჩ. გ. 44°48′43″ ა. გ. / 41.69361° ჩ. გ. 44.8120361° ა. გ. / 41.69361; 44.8120361
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული

ისტორია რედაქტირება

ეკლესია აიგო 1790 წელს ავლაბრის მრევლის შემოწირულობით.

1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ წმინდა მინასის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: „ავლაბარშივე მახლობელ ქართველთა ეკკლესიისა ავლაბარს არს საყდარი სომეხთა სახელსა ზედა წმინდისა მინასსა, არა შორს გარდამოსახედავსა ტფილისის მდინარის მტკუარის რიყისასა, უგუმბათო, მსგავსი ძველებურისა სახლისა, 1790-სა წელსა აღშენებული მრევლთაგან ავლაბრისათა, შინაგან კრამიტით გადახურული, წმიდისა მოწამისა მინას სახელსა ზედა“.

1870 წელს საჭირო გახდა ძველი ეკლესიის ადგილას ახლის აშენება, რადგან ძველი მცირე ზომის იყო და მრევლს ვეღარ იტევდა. ძველი ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილას ზომით უფრო დიდი ეკლესია ააშენეს. 1883 წლის 2 იანვარს ახალი ეკლესია საზეიმოდ იკურთხა.

1902 წელს დამთავრდა გალავნის აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ტაძრის წინამძღვრის პოღოს კუტანიანცის ცნობით, ეკლესიას მშენებლობის 500 მანეთი ვალი დაედო.

საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მსახურობა შეწყდა და 1924 წელს თბილისის აღმასკომის გადაწყვეტილებით სამლოცველო დაიხურა. შენობა გადაეცა ახალგაზრდა ლენინელებს, რომლებმაც აქ კლუბი განათავსეს.სურბ მინასის ბოლო მღვდელმა სარგის ერზინკიანმა, რომელმაც ამ ეკლესიაში 16 წელი იმსახურა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა საეკლესიო წოდებაზე.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია ნაწილობრივ დაანგრიეს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს. XX საუკუნის 20-30-იან წლებში მასზე მიშენდა საცხოვრებელი ოთახები და სათავსები.

ქალაქ თბილისის პრეფექტის 1991 წლის №429 ბრძანების საფუძველზე წმინდა მინასის ეკლესია გამოანთავისუფლეს, მასში ბოლო პერიოდში გახსნილი იყო სამკერვალო-სატრიკოტაჟო საწარმო. დღეისათვის სურბ მინასის ეკლესიის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ნაწ. I, თბ., 2000, გვ. 310

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3397