თბილისის მღელვარება (1698)

1698 წლის თბილისის მღელვარება — ვაჭარ-ხელოსანთა და მედუქნეთა გამოსვლა თბილისში კათოლიკე მისიონერების წინააღმდეგ. ინიციატორები იყვნენ სომხური ეკლესიის წარმომადგენლები, სომეხთა ვარდაპეტი (მოძღვარი) და რამდენიმე მოქალაქე, მთავარი მონაწილე ძალა კი — ვაჭრები და მედუქნეები.

გამოსვლა ფორმით რელიგიური ხასიათის იყო, რომელიც გამოწვეული იყო თბილისში კათოლიკეების მომრავლებით, თუმცა მას ეკონომიკური სარჩულიც ჰქონდა: კათოლიკე მისიონერები თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობდნენ ევროპული სავაჭრო კაპიტალის გაბატონებას საქართველოში, ეწეოდნენ ვაჭრობას, მევახშეობას და სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ თბილისელ ვაჭრებს.

ამბოხებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები სამეფო ხელისუფლებასთან, რომლისგანაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლები კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის შეზღუდვას ითხოვდნენ. 1698 წლის ივნისში ვარდაპეტის მოწოდებისთანავე დაკეტეს დუქნები და კეტებით შეიარაღებულებმა პატრების სახლებსა და ეკლესიებს შეუტიეს. არეულობა თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. მოსახლეობის დაშოშმინება სამეფო ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი რაზმით მოხერხდა. ამბოხებულებმა მანამდე არ დატოვეს პატრების ეკლესია, სანამ მეფის საგანგებო ბრძანება არ გამოიცა, რომლითაც შეიზღუდა კათოლიკე მისიონერების მოქმედების ასპარეზი. თბილისის მოვლენების შესახებ დეტალურადაა მოთხრობილი მისიონერ ამადიო და ბრეშას მიერ რომში გაგზავნილ წერილში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე, ტფ., 1902. — გვ. 290-297.
  • ვაჭარ-ხელოსანთა და მედუქნეთა ამბოხება // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ამადიო და ბრეშა — საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი).