თბილისის ზრკინაანთ სურბ გევორქის ეკლესია

ზრკინაანთ სურბ გევორქის ეკლესია, ზირკინაანთ სურბ გევორქის ეკლესიაXVIII საუკუნის სომხური ეკლესია თბილისში, იდგა სამხატვრო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე.

ეკლესია აშენებულია 1713 წელს, რასაც ადასტურებდა ქტიტორული წარწერა შენობაზე: „მე ზურაბ მახტეცის შვილი და ჩემი ძმები – იოვსეპი, სააკი და დავითმა, ავაშენეთ ეს ახალი განსასვენებელი — წმინდა გიორგის ეკლესია ჩვენ სახსენებლად და ჩვენი მშობლების. ვახტანგის მეფობის ხანაში, ზაფხული 1162 (1713წ.).“ ეკლესიის აღმშენებლების გვარის — ზრკინოვების მიხედვით ამ ეკლესიას ზრკინაანთან ზირკინაანთ სურბ გევორქის ეკლესია დაერქვა.

1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ ზირკინაანთ სურბ გევორქის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: „ვერისაკენ მიმავალის გზის დაწყებისთანავე, მარცხნივ, გზას ზემოთ, პირდაპირ კომაროვსკის სახლების ადგილსა თანა არს ეკკლესია უგუმბათო სახელსა ზედა წმინდისა გიორგისა, ზირკინაანთ საყდრად წოდებული, აღშენებული მოქალაქეთა ყარამაზოვთაგან წელსა 1717-სა“, თუმცა ყარამაზოვების გვარი ამ შემთხვევაში აღმშენებლებად შეცდომით არის მოხსენიებული, რადგან ყარამაზოვებმა ეკლესია განაახლეს.

თბილისის შემოგარენის ათვისება, ერთი-მხრივ, ბაღ-ვენახებისდა, მეორემხრივ, სასაფლაო-ეკლესიების აშენებით ხდებოდა. ასე მოიპოვა ახალი ადგილები თბილისის გარეთუბანში ზრკინაანთ მიღსიდი სააკამ.

ოსმალთა შემოსევის შემდეგ ეკლესია გავერანებულია. 1768 წელს ზრკინაანთ სააკამ თავის სიძეს ტერ-არაქელას დაავალა ეკლესიის აღდგენა, რომელმაც 1792 წელს სხვა სამღვდელო პირნიც გაიამხანაგა და საერთო ძალით, განსაკუთრებით კი მოსახლეობის დახმარებით, „ამ ეკლესიისა, წყლისა და ბაღების შენებას მიჰყო ხელი“.

ეკლესია დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში. ეკლესიის ადგილზე აშენდა ალ. გრიბოედოვის ქუჩის №20 საცხოვრებელი სახლი. ეკლესია იდგა ამ სახლის ქუჩისკენ მიმართულ ეზოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 253