თამარ ფხაკაძე
თამარ ფხაკაძე — ქართველი ჟურნალისტი და მედიამფლობელია.
თამარ ფხაკაძე | |
---|---|
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მედიამფლობელი |
აქტიური | 1986 — დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ თბილისში. 1982 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2006 წელს თამარ ფხაკაძემ დააფუძნა ანალიტიკური ჯგუფი „პრაიმტაიმი“. 2009 წლიდან გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთი „პრაიმტაიმს“. თერთმეტი წლის განმავლობაში გაზეთი უსინათლო მოქალაქეებისთვის ბრაილის შრიფტითათ გამოიცემოდა.[1] 2018 წლიდან გაზეთმა ბეჭდური სახით ფუნქციონირება შეწყვიტა და მთლიანად ონლაინ-პლატფორმად გადაკეთდა.
თამარ ფხაკაძემ ქართულ მედიასივრცეში მუშაობა 1986 წელს დაიწყო, საქტელერადიო მაუწყებლობის ახალგაზრდულ რედაქციაში, სადაც სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო რედაქციის კულტურის ჟურნალისტი, „მოამბის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, გაერთიანება „მოამბის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქტელერადიო მაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილე საინფორმაციო-საზოგადოებრივი მიმართულებით. 2005 წელს გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე. ასევე იკავებდა მთავარი რედაქტორის პოზიციას პირველ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იბერვიზიაში".
2008 წელს იყო თოქ-შოუ „პრაიმთაიმის“ პროდუსერი. ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ამჟამად არის "მედია ჰოლდინგის" მმართველი დირექტორი და 2020 წლიდან რუსთავი 2-ში პოლიტიკური თოქ-შოუ "ღამის კურიერის" მთავარი პროდიუსერი[2]. მანამდე, 2017 წლიდან ტელეკომპანია "პირველზე" ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციის" პროდიუსერი იყო.
თამარ ფხაკაძე არის სხვადასხვა პროექტის ავტორი. მათ შორის, „დაკარგული ისტორია“ — შსს-ს არქივთან თანამშრომლობით გამოიცა საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი „საარქივო მოამბის“ სპეცნომერი; „ოქროს ფრთა" — პროექტმა წლების განმავლობაში გამართა სხვადასხვა ნომინაციებში ჟურნალისტთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებები; „წითელი ყაყაჩო“ — საქველმოქმედო ფონდი, პროექტის ფარგლებში ყოველი წლის აგვისტოში ეწყობა „წითელი ყაყაჩოების“ აქცია, რომელიც 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ხსოვნას ეხება; პროექტი „გმირი“ — პროექტს მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია და ჯილდო, მათ შორის: გალა, „ოქროს ფრთა“, ოქროს კალამი, "ოქროს პრეგმანეტი "და წლის სახელები. წიგნი „გმირი“ რამდენიმე ტომად გამოიცა, რომელიც აერთიანებს აგვისტოს ომში და ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების გმირულ ისტორიებს;[3] „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“ — პროექტის ფარგლებში საზოგადოებამ გაიცნო გიგო გაბაშვილის უცნობი და ამასთან, მე-19 საუკუნისთვის საკმაოდ თამამი ფოტოსურათები, რომელიც წლების განმავლობაში არქივში მინის ნეგატივებზე ინახებოდა; „პრაიმტაიმის" პრესკლუბი“ — 2012 წელს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბი წლის ინოვაციურ პროექტად დასახელდა. აღნიშნული პრესკლუბი არის პირველი, რომელმაც დანერგა ინტერვიუს-პრესკონფერენციების განსხვავებული ფორმატი, რომელშიც ნებისმიერ აქტუალურ თემაზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა მედიასაშუალებას საკუთარი მოსაზრებები გააცნონ; „პრაიმტაიმი“ ბრაილის შრიფტით“ — გაზეთი „პრაიმტაიმი“ იყო ერთადერთი გამოცემა, რომელიც თერთმეტი წლის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს, უსინათლო მოქალაქეებისთვის ბრაილის შრიფტით გამოიცემოდა.
ჯილდოები
რედაქტირება- 2010 წელს თამარ ფხაკაძემ მიიღო ჟურნალისტთა კავშირის სპეციალური ჯილდო სარედაქციო გარდაქმნებისთვის.
- 2011 წელს საერთაშორისო ჟურნალისტური ფონდის „ოქროს ფრთის“ სპეციალური ჯილდო „ოქროს კალამი“ გაზეთის ბრაილის შრიფტით გამოცემისათვის.
- 2010- 2011 პროექტ „გმირს“ მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია და ჯილდო, მათ შორის: გალა, "ოქროს ფრთა", ოქროს კალამი, "ოქროს პრეგმანეტი "და წლის სახელები
- 2011 წელს წლის ინოვაციური პროექტი "პრაიმტაიმის" პრესკლუბი.