თაბორის ფერისცვალების ეკლესია

თაბორის ფერისცვალების ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში.

თბილისის თაბორის ციხის ეკლესიაზე მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი. 1392 წელს შედგენილ საბუთში ვკითხულობთ: “... ტფილისის იქით ლეღვისხევი ჩამოვარდება თაბორის ეკლესიის ჩამოსწვრივ წყლის პირამდისინ... ”. იხსენიება ის 1429 წლის საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის გუჯარშიც. ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის ქალაქის გეგმაზე თაბორის ქედზე ეკლესიაა აღნიშნული.

ფერისცვალების ეკლესიის შესახებ პლატონ იოსელიანი წერდა: „ციხე თაბორისა ანუ ყორჩი-ყალა ტფილისის სამხრეთით არსებულა და იცავდა ქალაქის სამხრეთ ანუ განჯის კარს. დიდების დროსა იგი ქვის კედლებით იყო შემორაგული, მის ბრტყელ მწვერვალზე კი უფლის ფერისცვალების ეკლესია იყო აშენებული. ერთიცა და მეორეც 1618 წელს შაჰაბას დიდმა ააოხრა. როსტომ მეფის აღდგენილი, ის ნადირშაჰმა დაანგრია, რომელიც ტფილისს 1735 წელს დაეუფლა. 1743 წელს ეს ეკლესია, მისივე ბრძანებით კვლავ ააშენეს. 1759 წელს მეფე ერეკლემ განდევნა იქიდან მასში გამაგრებული აბდულა-ბეგი და იქვე დიდი ზომის ზარბაზნები დააყენა. აღამაჰმად ხანმა ეს სიმაგრეც ააოხრა და დაშლილი ეკლესიის ნაშთებიც. ამ ცხოველ ხატულ მთაზე შენობების არსებობის რაიმე კვალიც არ ჩანს. ასე უჩინარდება თვით ნანგრევებიც!“.

1898 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“ ვკითხულობთ, რომ„... თაბორის მთის ბრტყელ წვერზე, საიდანაც შეიძლება თითქმის მთელი თბილისის დანახვა, იდგა უფლის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც დაანგრია შაჰაბასმა 1618 წელს, დანგრეული ეკლესიის ნანგრევებიც გაქრა 1795 წელს, აღამაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ. თბილისის ფერისცვალების ტაძარი მეტეხის ტაძარზე იყო მიწერილი“.

თაბორის ეკლესიაზე ლაპარაკობს მოსე ჯანაშვილიც: „ტაძარი სახელსა ზედა ყველა ურვეულთა ნუგეშისცემისა თაბორის მთას, ქრისტეს ცხოვრებაში მას თავისი ადგილი უკავია. მთას ფერისცვალების ეკლესიის აშენების შემდეგ შეერქვა თაბორი“.

1995 წელს საპატრიარქო სდაკვეთით თაბორის მთაზე დაიწყო ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა. ახალი, „ნახევრადთავისუფალი ჯვრის“ გეგმის მქონე ტაძრის საძირკველი 1996 წელს ფერისცვალების დღესასწაულზე 19 აგვისტოს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. თაბორის მთაზე ახალი ფერისცვალების მამათა მონასტრის მშენებლობა 2001 წელს დამთავრდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 116-119