აქტინიები (Actiniaria), ზღვის ანემონები — ზღვის ნაწლავღრუიანების რიგი მარჯნის პოლიპების კლასისა. აქტინიების უმრავლესობა ცალადია, იშვიათად - კოლონიური. მეტი ნაწილი სუბსტრატზეა მიმაგრებული, მაგრამ კუნთოვანი ლანჩით ადგილის მონაცვლებაც შეუძლია. აქვთ ცილინდრული სხეული, რომლის დიამეტრი რამდენიმე მმ-იდან 1,5 მ-მდე აღწევს. ჩვეულებრივ, ჭრელადაა შეფერილი. გავრცელებულია ფართოდ, უფრო მეტად ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში.
აქტინიები იკვებებიან პლანქტონური კიბოსნაირებით, მოლუსკების ლარვებითა და პატარა თევზებით. მსხვერპლს იჭერენ პირის ირგვლივი საცეცებით, რომლებიც აღჭურვილია მსუსხავი უჯრედებით. ამ უკანასკნელთა საშუალებით აქტინიები პატარა ცხოველებს ხოცავენ, ადამიანის კანს კი სუსხავენ. ზოგი აქტინიები სიმბიოზშია კიბო-განდეგილთან. ჩვეულებრივ სქესობრივად მრავლდებიან, ზოგი უსესქესოდ. ცნობილია ცოცხლადმშობი სახეობებიც.
- ქსე, ტ. 2, გვ. 42, თბ., 1977