ზურაბ ჯავახაძე
ზურაბ ჯავახაძე (დ. 1936 — გ. 2020, ქუთაისი)[2] — ქართველი სპორტის მკვლევარი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი. ქუთაისის სპორტის ისტორიის მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი. საექსკურსიო ბიუროს ყოფილი დირექტორი.
ზურაბ ჯავახაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1936 |
გარდაცვალების თარიღი |
2020[1] ქუთაისი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ ჯავახაძეს მოვლილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, საიდანაც ჩამოჰქონდა სპორტთან დაკავშირებული ნივთები. მისი კოლექცია თანდათან იზრდებოდა და გადაწყვიტა, რომ ეს უნიკალური ნივთები ხალხის საკუთრება გამხდარიყო. საქალაქო კომიტეტის ხელშეწყობით მოხერხდა მუზეუმისთვის შენობის გამოძებნა და პირად საკუთრებაში არსებული ნივთები გახდა ქუთაისის სპორტის ისტორიის მუზეუმის პირველი ექსპონატები. ეს პირველი სპორტის მუზეუმი იყო საკავშირო მასშტაბით. შემდეგში იგივე ტიპის მუზეუმები შეიქმნა ტალინსა და კიევში.
1970–2007 წლებში დამაარსებელი მუზეუმს თავად ხელმძღვანელობდა. საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით შექმნა ის სივრცე, სადაც ახლა სპორტის ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატია განთავსებული. მისთვის ეს საქმე არა მარტო პროფესია, არამედ ცხოვრების წესი იყო, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მისდევდა.
ზურაბ ჯავახაძე სპორტულ თემაზე შექმნილი 70-ზე მეტი წიგნისა და მონოგრაფიია ავტორია. მათ შორის არის წიგნები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, სახელოვან ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმერეთის სპორტულ ცხოვრებას. ამ თემას ეძღვნება ჟურნალისტური ნარკვევები და გამოკვლევები, საინტერესო საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში თავმოყრილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკები.
2003 წელს ზურაბ ჯავახაძე ოქსფორდის ბიბლიოგრაფიულმა ცენტრმა XX საუკუნის 2000 გამოჩენილი ადამიანის სიაში შეიყვანა. მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმის შექმნისთვის ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
2020 წლის ბოლოს ზურაბ ჯავახაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- ქუთაისის საპატიო მოქალაქე
- ღირსების ორდენი
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი
- სხვადასხვა ჟურნალისტური პრემია
ხსოვნა
რედაქტირება- ზურაბ ჯავახაძის სახელს ატარებს ქუთაისის სპორტის ისტორიის მუზეუმი[3]
- 2021 წლის ივნისში მუზეუმის დამაარსებლის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისივე დაარსებულ სპორტის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზურაბ ჯავახაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და მის მიერ სიცოცხლის მანძილზე გამოცემული 75-მდე მონოგრაფიული ნაშრომი, სადაც დეტალურად არის ასახული ქართული სპორტის ისტორია.