ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს ეკლესია

ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო (საფორტიფიკაციო-თავდაცვითი) ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აჩაბეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კომპლექსი შედგება ეკლესიის, კოშკისა და გალავნის ნანგრევებისაგან. მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის მხოლოდ გეგმა იკითხება. აღმოსავლეთით ჩანს აბსიდის რამდენიმე კვადრი და ჩრდილოეთი კედლის თლილი კვადრები სამი მეტრის სიგრძეზე. ირგვლივ მიმობნეულია თლილი შირიმის კვადრები, არის ბუნის ქვაც.

ნაეკლესიარის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 მ-ში დგას კოშკის ნანგრევი. იგი ოთხკუთხა ყოფილა. შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კედლის, 6 მეტრის სიმაღლის ფრაგმენტი. კედელში პირველი სართულის დონეზე გადარჩა სამი შეწყვილებული სათოფური. სათოფურებს თავხეებად მუხის ძელები აქვს კედელში ჩატანებული. კოშკის სამი მეოთხედი, ფერდობის ჩაშლის შედეგად დანგრეულია. კოშკი ჩადგმული იყო სწორკუთხა გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. გალავნისაგან მხოლოდ საძირკველი შემორჩა.

კოშკის და გალავნის სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 82-83