ზედა აჭყვის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის დარბაზული ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზედა აჭყვის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის დარბაზული ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში.

სოფელ ზედა აჭყვაში მდებარე დარბაზული ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ან მე-20 საუკუნის დასაწყისში არის აგებული, რაც ისტორიულად მუსულმანურ აჭარაში 1870-იანი წლებიდან მოყოლებული ქრისტიანი ბერძნების ჩამოსახლებას უკავშირდება. მოშავო-მონაცრისფრო ფლეთილი ქვით ნაგები ეკლესია საბჭოთა პერიოდში 1981 წლის სააღირცხვო ბარათის მიხედვით, გაუქმებული ჩანს, ის სანახევროდ დანგრეულია. ტაძრის აღდგენა და გადახურვა უნდა მომხდარიყო 1990-2000-იანი წლების დასაწყისში. ეკლესიის ახლანდელი იერსახე სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ეკლესია დგას მოსწორებულ რელიეფზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესიას საბურავი თუნუქის აქვს, რომელმაც ჩაანაცვლა 1981 წლის აღწერიდან ცნობილი, შიფერის საბურავი. ტაძარი აღმოსავლეთ-დასავლეთ გრძივ ღერძზე გაშლილი და ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთ და დასავლეთ ფასადების სიმეტრიის ღერძზე გაჭრილია თითო არქიტრაული გადახურვის კარი. კარებებს თავზე მოთავსებულია სადად დამუშავებული თაღოვანი ტიმპანი. მხატვრულად გამოყოფილია სამხრეთ კარის ტიმპანი, რომლის თავზეც წმინდა პეტრესა და პავლეს რელიეფური გამოსახულებაა მოცემული. წმინდანების რელიეფური გამოსახულება განმარტებულია ბერძნული წარწერით. საფასადო კომპოზიციის დანაწევრებაში მონაწილეობს მცირერიცხოვანი სარკმლის ღიობებიც, როგორიცაა ერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთ ფასადზე, ჩრდილოეთ ფასადის სიმეტრიულად გაჭრილი სამი თაღოვანი სარკმელი და სამხრეთ ფასადის ორი თაღოვანი სარკმელი, რომლებიც შესასვლელ კარს ფლანკირებენ. ეკლესიის აღდგენა-განახლების დროს უნდა მომხდარიყო, სარკმლების რაოდენობა და კონფიგურაცია, ასევე მდებარეობის განსაზღვრა, ერთაფსიდიანი დარბაზული ეკლესიის რომელიმე ახლო ნიმუშის მიხედვით, რადგან 1981 წლის სააღირცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ ტაძრის კედლები სარკმლის პირებამდე იყო მორღვეული და ამდენად, გაურკვევლი იყო მათი ჭრილების ზუსტი ადგილმდებარეობა და რაოდენობა. ტაძრის ეზოში დგას სამრეკლო, როგორც ჩანს, ტაძრის აღდგენის პერიოდში აშენებული. სამრეკლო იმავე ფლეთილი ქვითა ნაგები, რითაც ეკლესია. ეკლესიის საფასადო კომპოზიციის არქიტექტურულ-მხატვრული თავლსაზრისით ღირებულ ელემენტად შეიძლება მოიაზრებოდეს მონაცრისფრო ფლეთილი ქვის თეთრნაკერებიანი წყობა და სამხრეთ ფასადზე მოთავსებული ქვის ფილაზე ამოკვეთილი წმინდანების რელიეფური გამოსახულება. ზედა აჭყვას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მომცრო დარბაზული ტაძარი აჭარაში დაცულ იმ მცირერიცხოვან საეკლესიო ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელნიც დრო-ჟამის მსვლელობას გადაურჩნენ და აჭარაში ქრისტიანული მრწამსის მატარებელი ბერძნული თემის დამსახურებითა და გავლენით შეიქმნეს კულტურული იდენტობა; სოფელ ზედა აჭყვას დარბაზული ეკლესია აჭარის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის აუცილებელი ნაწილია, რომლის დაცვა და შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11726