ზარნიში
ზარნიში — ლითონის ნივთებზე ამოჭრილი, ოქროთი ან ვერცხლით ამოვსებული სხვადასხვა სახის ორნამენტული გამოსახულება; მხატვრული დამუშავების ერთ-ერთი უძველესი სახეობა.
ლითონის ზედაპირზე საჭრისების საშუალებით იჭრება ღარები, რომლებიც ივსება ძვირფასი ლითონებით (ოქრო, ვერცხლი). ზარნიშით შესაძლებელია უწვრილესი, ნატიფი ორნამენტის, ცხოველების, ფრინველებისა და ადამიანთა გამოსახულებების შესრულება. ზოგჯერ ამ ტექნიკის ხერხით სრულდება სიუჟეტური სცენებიც და ორნამენტულ-დეკორატიული ხასიათის წარწერებიც.
ზარნიშის ტექნიკას იყენებდნენ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში. ფართოდ იყო გავრცელებული ასევე ირანში, საიდანაც ეს სახეობა შემოვიდა საქართველოში. ჩვენში ზარნიშს უმთავრესად საბრძოლო იარაღის შესამკობად ხმარობდნენ. ზარნიშით ამკობდნენ ბრინჯაოს, რკინისა (IX–X საუკუნეებიდან) და ფოლადისგან დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საბრძოლო იარაღებს. ზარნიში განსაკუთრებულ განვითარებას აღწევს XII საუკუნის ბიზანტიაში, სირიაში, ირანში, ჩინეთში, იაპონიასა და ამიერკავკასიაში. ოქროს ზარნიში განსაკუთრებით პოპულარული იყო XVI–XVII საუკუნეებში (ზარნიშიანი საბრძოლო აღჭურვილობისა და იარაღების უმდიდრესი კოლექცია ინახება მოსკოვში კრემლის საჭურვლის პალატაში).
ლიტერატურა
რედაქტირება- ყენია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.