ზანავის ნაეკლესიარი
ზანავის ნაეკლესიარი — შუა საუკუნეების ეკლესიის ნაშთი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ სამცხეში. შემორჩენილია ახლანდ. სოფელ დიდი ზანავის ჩრდილოეთით, დაახლ. 2 კმ-ზე, ზანავის ხევის სათავეებში (ძველი ზემო ზანავი), შერეული ტყით გარემოცულ მინდორში.
ნაგებობა მოზრდილი დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ის ბასილი ზარზმელის თხზულებაში მოხსენიებული მონასტერი იყოს. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები ჰქონია. კედლების ორივე მხარე გათლილი, მოზრდილი ქვების პერანგით იყო შემოსილი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ხოლო სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილი კარები მინაშენებში გადიოდა. ეკლესიის ჩამოცვენილი, ჩუქურთმიანი ქვები ორმაგი, გრეხილი ლილვებითაა მოჩარჩოებული. არის ლოტოსის გამოსახულება და წნულჩუქურთმიანი, ტოლმკლავა ჯვარი. ეკლესიას გალავანი ჰქონდა, რომლის შიგნით და გარეთ სხვა ნაგებობათა ნაშთებია; იქვეა წყაროც. ჩანს, ეკლესია ფუნქციონირებდა შემდგომ ხანებშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ზანავი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 306.