ვლადიმერ ბახუტაშვილი

ვლადიმერ ბახუტაშვილი (დ. 23 მარტი, 1931, თბილისი — გ. 2005) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1957 წლიდან დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა პრაქტიკოსი ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობაზე. 1966 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განყოფილება, რომელსაც 1972 წლემდე ხელმძღვანელობდა. 1978 წლიდან მუშაობდა ჯერ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიის განყოფილების გამგედ, ხოლო 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ვლადიმერ ბახუტაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო, მოიცავდა შერეული ინფექციებისა და დიზენტერიის პათოგენეზის, ვირუსულ ინფექციათა გავრცელების, გნოტობიოლოგიის, ორგანოსა და ქსოვილის კულტურების გამოყენების ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის შესწავლას და სხვას. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა აპოპტოზისა და ღეროვანი უჯრედების პრობლემებზე. იგი სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე სახის მედიკამენტის, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი პლაფერონის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტოქსოპლაზმოზი“, დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „შიგელების უჯრედშიდა პარაზიტირების მნიშვნელობა და ვირუსული ინფექციების როლი დიზენტერიის პათოგენეზში“, დაიცვა 1968 წელს.

იყო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი.

2001 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში.

გარდაიცვალა 2005 წელს, 73 წლის ასაკში, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • სსრკ საპატიო ნიშნის ორდენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება