ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ (ბაშოს ნაწარმოები)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ (იაპონ. 奥の細道; おくのほそ道) — იაპონელი ავტორის, მაცუო ბასიოს ჰაიბუნი და ედოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები[1], რომელიც პირველად ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1702 წელს გამოქვეყნდა.[2]

ბასიო, ჰოკუსაის ნახატი.

ტექსტი დაწერილია სამოგზაურო პროზაულ სტილში, მასზე მუშაობა კი ავტორმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთელი იაპონიის მასშტაბით, მე-17 საუკუნის ბოლოს, სახიფათო ქვეითი მოგზაურობა მოაწყო. მიუხედავად ავტორის პოეტური შემოქმედებით ცნობადობისა, ზემოხსენებულმა პროზაულ სტილში დაწერილმა წიგნმა მრავალი ადამიანი შთააგონა, გაჰყოლოდნენ მის კვალს და დამდგარიყვნენ შემოქმედის გზაზე. წიგნის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პასაჟში ბაშო ამბობს, რომ „ყოველი დღე არის მოგზაურობა, ხოლო მოგზაურობა — სახლი“.[3] აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებზე დიდი გავლენა იქონია ტანის ეპოქის ჩინელი პოეტის, დუ ფუს შემოქმედებამ.[4]

კენჯი მიაზავამ, იაპონელმა ლიტერატორმა, ნაწარმოებზე საუბრისას ერთხელ თქვა: „თითქოს თავად იაპონიის სულმა დაწერა ის“.

ნაწარმოები ავტორმა 1689 წლის ზაფხულში მოწყობილ მოგზაურობაზე დააფუძნა. ის და მისი თანამგზავრი, კავაი სორა, გაემგზავრნენ ედოდან (დღევანდელი ტოკიო) ჩრდილოეთის შიდა რეგიონში, რომელიც ცნობილია, როგორც ოკუ. მათი ერთობლივი ესპედიციის ძირითად მიზანს იმ ადგილების დათვალიერება წარმოადგენდა, რომელთაც წინამორბედი პოეტები და მწერლები საკუთარი შემოქმედებითა და ლიტერატურული ძალით ხოტბას ასხამდნენ.[5][6] იმ პერიოდში მოგზაურობა ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ბაშო მოხეტიალე პოეტური იდეალის ერთგულად დარჩა. მან იმოგზაურა დაახლოებით 156 დღე, ფეხით გაიარა თითქმის 1500 მილი (2400 კმ). ბაშოს პროზაულ შემოქმედებაში ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

 
ბასიო და სორა იამანაკაში.

ნაწარმოების ჟანრობრივად ჰაიბუნის ტექსტს განეკუთვნება, რაც აერთიანებს პროზაულ ნაწარმოებსა და ჰაიკუს. მასში მრავალ ისტორიულ პარალელს წავაწყდებით, იგი შეიცავს უამრავ ცნობას კონფუცის, საიგიოს, დუ ფუს, აგრეთვე ძველი ჩინური პოეზიის შესახებ. ამ ყველაფრის წყალობით, ავტორი ახერხებს ბალანსის დამყარებას მრავალ სიუჟეტურ ასპექტს შორის, რაც, საბოლოოდ, ძლიერ სურათს ქმნის. ეს ჰაიკუნარევი რომანი, უპირველეს ყოვლისა, მოგზაურობის ისტორიაა, რისი დახმარებითაც ბაშო ნათლად ასახავს მოგზაურობისას განცდილი ემოციების უნიკალურ, პოეტურ არსს. მოგზაურობისას ავტორი, საკუთარ თანამგზავრთან ერთად, მრავალ ცნობილ ლოკაციასა თუ ნაგებობას მოინახულებს, მათ შორის: ტოკუგავას სალოცავი, შირაკავა, მაცუშიმას კუნძულები, ჰირაიძუმი, საკატა და სხვა მრავალი. ის და სორა იამანაკაში დაშორდნენ, თუმცა ოგაკიში ის საკუთარ სხვა მოწაფეებსაც წააწყდა, რის შემდეგაც მან ისეს სალოცავი მოინახულა.

წიგნი მოგზაურობიდან ხუთ წელიწადში გამოქვეყნდა, ამ პერიოდში ავტორმა მრავალგზის შეასწორა საკუთარი ჩანაწერები, სანამ საბოლოო სახემდე დაიყვანდა.[7]

 
ბაშოს კოტეჯი კამელიას გორაზე, ედოს ეპოქის ფერწერული ნიმუში.

ფილოსოფია ტექსტს მიღმა

რედაქტირება

ნობუიუკი იუასა აღნიშნავს, რომ ბაშომ შეისწავლა ძენ ბუდისტური მედიტაცია ბერი ბუჩოს ხელმძღვანელობით, თუმცა გაურკვეველია, მიაღწია თუ არა ოდესმე ბაშომ განმანათლებლობის პიკს. მრავალი ძენ ბუდიზმის მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბაშოს შემოქმედება შეედრება „მედიტაციისას როგორც სუბიექტის, ისე ობიექტის განადგურებას“. ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ ბაშო ცდილობდა მოშორებოდა ამქვეყნიურ სიამეებს, ამის შემდეგ კი მას ერთადერთი, რაც ჰქონდა დარჩენილი, საკუთარი თავის განდევნა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკუთარ იდენტობას ვერ შეინარჩუნებდა. სწორედ ეს „განდევნითი“ პროცესია აღწერილი მის ამ პროზაულ ნაწარმოებში, რაც მან ბუნებისა და მონუმენტების, აგრეთვე თავად მოგზაურობისა და ყოველივე დეტალის დაკვირვებით, გააზრებითა და ცნობილი ძეგლების დიდებით შეძლო. იუასა აღნიშნავს, რომ ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ არის ბაშოსმიერი მარადისობის შესწავლა და რადგანაც მან ამ მცდელობაში წარმატებას მიაღწია, იგი იქცა ძეგლად, რომელიც მიმართულია დროის დინების საწინააღმდეგოდ.[8]

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • ავსტრალიელი ავტორის, რიჩარდ ფლენეგანის, 2014 წლის ბუკერის პრემიის ფინალისტი რომანის — „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ“ — სათაური ბაშოს ამ ნაწარმოებითაა შთაგონებული.[9]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bashō 1996b: 7.
  2. Bolitho, Harold, in Treasures of the Yenching: seventy-fifth anniversary of the Harvard-Yenching Library, Chinese University Press, 2003, ISBN 978-962-996-102-2 p. 35.
  3. Bashō 2000: 3. See also Norman 2008.
  4. Heinrich, Amy Vladeck (1997). Currents in Japanese Culture: Translations and Transformations. Columbia University Press, გვ. 176. ISBN 9780231096966. 
  5. Keene 1999a: 311.
  6. Keene 1999: 681.
  7. Bashō 1996b: 13.
  8. Bashō 1966: 37.
  9. Carl Wilkinson. (01.08.2014) ‘The Narrow Road to the Deep North’, by Richard Flanagan. Financial Times.