აპიუსის გზა

(გადამისამართდა გვერდიდან ვია აპია)

აპიუსის გზა, აპიუსის ძველი გზა (ლათ. Via Appia, Via Appia antica) — პირველი რომაული მოკირწყლული გზა. საერთო სიგრძე — 580 კმ. მშენებლობა დაიწყო ცენზორ აპიუს კლავდიუსის დროს (აქედან სახელწოდება) ძვ. წ. 312 წელს. რომაელები მას „ყველა გზის დედოფალს“ უწოდებდნენ, რითაც ხაზს უსვამდნენ მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან რომისა და სამხრეთ აპენინის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სტრატეგიული გზა იყო. თავდაპირველად მიდიოდა კაპუამდე (212 კმ), ძვ. წ. 244 წლიდან — პორტ ბრუნდიზიუმამდე (ახლანდ. ბრინდიზი). სიგანეში 4–4,5 მეტრს აღწევდა. გრუნტში ამოჭრილი ტრანშეა შევსებული იყო ქვიშის, ხრეშის, თიხისა და ღორღის რამდენიმე ფენით, რომელიც იფარებოდა გათლილი ქვიშაქვისა და გრანიტის ფილებით.[1]

აპიუსის ძველი გზა რომთან
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

აპიუსის გზის უძველესი მონაკვეთის (რომთან ახლოს) გარშემო ვილები ააგეს რომაელმა პატრიციებმა (კვინტილიუსების ვილა, II საუკუნე, და სხვ.); გზის გასწვრივ მდებარეობდა წარჩინებული მოქალაქეების საფლავის ძეგლები, საკურთხევლები და აკლდამები, მ.შ. ცეცილიუს მეტელუსის მავზოლეუმი (ძვ. წ. I საუკუნის ბოლო, მონუმენტური ცილინდრული ნაგებობა, დიამეტრით 20 მ, 1302 წელს გადაკეთდა თავდაცვით კოშკად), ვალერიუს კოტას მავზოლეუმი (ახ. წ. I საუკუნის დასაწყისი).

წმინდა პეტრესა და იესო ქრისტეს შეხვედრის ადგილზე (აპოკრიფული ტექსტი „პეტრეს საქმენი“) აღმართულია ადრექრისტიანული ბაზილიკა „Domine Quo Vadis?“ („უფალო, ვიდრე ჰხვალ?“); ქვა, რომელზეც აღბეჭდილია ქრისტეს ნატერფალი — მდებარეობს სან-სებასტიანოს ეკლესიასთან (IV ს.; აქ დაკრძალულია წმინდა სებასტიანე; ორივე ეკლესია გადაკეთებულია XVII საუკუნეში) ახლოს. აპიუსის გზის მიმდებარე ტერიტორიაზეა მაქსენციუსის ცირკი (306–312) და ადრექრისტიანული კატაკომბები: სან-კალისტო (II–III სს., III და VII–VIII სს.-ების მოხატულობის ფრაგმენტები), სან-სებასტიანო და სხვ.

  1. Аппиева дорога // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 126.