ველის ტოროლა
ველის ტოროლა (Melanocorypha calandra) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სიგრძე 17.5-20 სმ-ია. შეფერილობა ზევიდან მურა-რუხი აქვს, მუქი მურა კოპლებიანი, ქვევიდან კი მოთეთრო, მკერდი მოყვითალო, წვრილი მურაკოპლებიანი. სხეულის გვერდები, ფრთის უკანა კიდე და ბოლოს გვერდები თეთრია.
გავრცელებულია სამხრეთ ევროპასა და სამხრეთ აზიაში (სპორადულად). საქართველოში მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველია. ცხოვრობს ბალახით დაფარულ ველებსა და მარცვლოვანი კულტურების ნათესებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დედალი დებს 4-6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 16 დღე-ღამე. იკვებება მწერებით, მატლებით და მცენარეთა თესლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ველის ტოროლა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.