ვასილ ზაქარიას ძე გულისაშვილი (დ. 23 აპრილი, 1903, თბილისი, — გ. 19 ოქტომბერი, 1979, იქვე) — ქართველი მეტყევე-ეკოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1935), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1955).

დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1926 წელს და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს. იქვე მუშაობდა 1927-1931 წლებში. 1931 წლიდან თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში ზოგადი მეტყევეობის კათედრის გამგე. 1932–1944 წლებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. 1945–1979 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სატყეო ინსტიტუტს. გულისაშვილის სამეცნიერო შრომები ეხება მცენარეთა მერქნიანი ჯიშების ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და ეკოლოგიურ გეოგრაფიას, ბუნების დაცვისა და სხვა საკითხებს. შეისწავლა ტყის ნიადაგის ფიზიკური თვისებები და მათი ცვალებადობა ამორჩევითი, პირწმინდა ჭრისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად დროებით გამოყენებისას. გულისაშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნების დაცვის კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • ზოგადი მეტყევეობა, თბ., 1957; მცენარეთა ეკოლოგია, თბ., 1960 (გარეკანზე: 1961);
  • Природные зоны и естественно-исторические области Кавказа, М., 1964.

ლიტერატურარედაქტირება