ეჩო — ხის დასამუშავებელი (სათლელი, სატეხი, საჭრელი) რკინის იარაღი. დანიშნულებისა და სამუშაო პირის მოყვანილობის მიხედვით ცნობილია სხვადასხვა სახის ეჩო (ღორეჩო, ხელეჩო, თოხეჩო და სხვ.). მისი სათლელი პირი თავისკენ მიითლის ნაფოტს და მთლელისკენ ისვრის, რაც თავისებურადაა ასახული ხალხურ სიტყვიერებაში „განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს?“[1]

ღორეჩო პირმოხრილი სატეხი ეჩოა, რომელსაც აქვს მაღალი ტანი და მოხრილი პირი. მისი ნაირსახეობაა „ხელეჩო“ და „ფეხეჩო“.[2]

ხელეჩო უფრო პატარა ზომის იარაღია. აქვს პირი — წინა და უკანა, და ხის ტარი. იყენებენ ჯამების, ხონჩების, გობებისა და სხვადასხვა რიგის ხის ჭურჭელთა სახვეწად, ამოსათლელად, „სადაც ცული ვერ უდგება, იქ ხელეჩო მუშაობს“.[3]

თოხეჩო დიდი ზომის სათლელი იარაღია. შედგება პირის, ტანის, ყუისა და ხელტარისაგან. ტრაპეციის ფორმის რკინის გალესილ პირს მარჯვნივ და მარცხნივ „ნიღრები“ აქვს. პირის შუა ნაწილში „ყელია“ მოთავსებული, რომელშიც ჯდება ეჩოს ხელტარი. ეჩოს ტარი ყელთან სქელია, შემდეგ ვიწროვდება და ბოლოში მოხრილია. მისი რეგიონული სახესხვაობებია: ფეხეჩო (ქართლ-კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი), მძიმე ეჩო (ქართლი), დიდი ეჩო (ქსნის ხეობა). თოხეჩოთი სრულდებოდა „მსხვილი სათლელი სამუშაოები“, თლიდნენ სახვნელი იარაღების რვილებს, კევრის ფიცრებს, ურმის დედნებს და ა. შ.[4][5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გასიტაშვილი გ., ხის დამუშავების ხალხური წესები, თბ., 1962.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.), თბ., 2011.
  1. ეჩო — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ონლაინ-ვერსია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
  2. ღორეჩო — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ონლაინ-ვერსია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
  3. ხელეჩო — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ონლაინ-ვერსია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
  4. თოხეჩო — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ონლაინ-ვერსია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
  5. გასიტაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. ?.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეჩო&oldid=4693516“-დან