ექიმი კალიგარის კაბინეტი
ექიმი კალიგარის კაბინეტი (გერმ. Das Cabinet des Dr. Caligari) — 1920 წელს გადაღებული საშინელებათა ჟანრის უხმო ფილმი. მისი რეჟისორი არის რობერტ ვინე, ხოლო სცენარის ავტორები ჰანს იანოვიცი და კარლ მაიერი. იგი იქცა როგორ კინემატოგრაფში ახალი მიმართულების, ასევე საშინელებათა ჟანრის ახალი ტიპის ფილმების საწყისად. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ "ექიმი კალიგარის კაბინეტი" პირველი ნამდვილი საშინელებათა ფილმი იყო.[1] მთავარ როლებს ასრულებენ: ვერნერ კრაუსი (ექიმი კალიგარი), კონრად ფაიტი (ჩეზარე), ლილ დაგოვერი (ჯეინი), ფრიდრიხ ფეერი (ფრანცისი). ფილმის შინაარსი ასეთია: მისტიური ექიმი კალიგარი ჩადის ერთ-ერთ გერმანულ სოფელში თავის კომპანიონ ჩეზარესთან ერთად, რომელსაც ერთგვარი ჰიპნოზის საშუალებით აკონტროლებს და უბრძანებს მკვლელობები ჩაიდინოს. ამბავი ერთი პერსონაჟის მონათხრობს წარმოადგენს, ხოლო ფილმის განსაკუთრებულ სიუჟეტურ ეფექტს განაპირობებს ის, რომ დასასრულში ვიგებთ, მთხრობელი ფსიქიატრიულ კლინიკის პაციენტია.[2]
შექმნის ისტორია
რედაქტირებამწერლებმა და დრამატურგება, ჩეხმა ჰანს იანოვიცმა და ავსტრიელმა კარლ მაიერმა გადაწყვიტეს დაეწერათ სცენარი, რომელიც ალეგორიულად ასახავდა რეალურ სიტუაციას გერმანიის იმპერიაში, რომლის ხელისუფლებამ ერთგვარად დააჰიპნოზა თავისი მოქალაქეები და ომის სასაკლაოზე გაუშვა. ავტორები თავის დროზე თვითონ იღებდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, რის შემდეგაც ფსიქიატიულ კლინიკაში ამოყვეს თავი, სადაც გაიცნეს ერთმანეთი. დემობილიზაციის შემდეგ ისინი ბერლინში გადაიკვეთნენ და სწორედ მაშინ დაიწყეს ჩანაფიქრის განხორციელება. მათ საწყის იდეას საკუთარი მოგონებები დაუმატეს, ხოლო სახელი კალიგარიზე სცენარის დასრულების შემდეგ შეთანხმდნენ, იგი ამოუკითხავთ "სტენდალის უცნობის წერილების" წიგნში.[3]
ფილმი კინოკომპანია "დეკლა-ბიოსკოპის" ეგიდით გადაიღეს. მისი პროდიუსერი გახლდათ იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროდიუსერი ერიხ პომერი, რომელმაც ფილმზე სამუშაოდ მიიწვია თავისი კომპანიის მხატვრები: ჰერმან ვარმი, ვალტერ რიორიხი და ვალტერ რაიმანი. ისინი განეკუთვნებოდნენ ექსპრესიონისტულ დაჯგუფება "შტურმს", უმეტესწილად სწორედ მათმა ჩართულობამ განსაზღვრა ფილმის ვიზუალური მიმართულება. პომერს სურდა ფილმის რეჟისორად ფრიც ლანგი მიეწვია, თუმცა იმ პერიოდისთვის იგი სხვა პროექტებით იყო დაკავებული, რის გამოც არჩევანი რობერტ ვინეზე შეაჩერეს, რომელიც არანაკლები გამოცდილების რეჟისორი გახლად და ინტელექტუალურ სპეციალისტად ითვლებოდა. სცენარისტებს უნდოდათ, რომ ქალის მთავარი როლი ბერლინის ერთ-ერთი თეატრის მსახიობს შეესულებინა, თუმცა იგი მალე დაავადდა და გარდაიცვალა, ხოლო როლი ლილ დაგოვერს ერგო. ფილმის ასეთი უცნაური სიუჟეტური გადაწყვეტა კი ერიც პომერის იდეა გახლდათ, რომელსაც იდეა გადაღებული მასალის ნახვის შემდეგ დაებადა, რითაც ფილმში არსებული ავტორიტარიზმისა და მილიტარიზმის კრიტიკა, მწვავე სუბიექტივიზმმა გადაფარა.
ვიზუალური სტილი
რედაქტირება„ექიმი კალიგარის კაბინეტის“ განსაკუთრებულ ადგილს კინემატოგრაფში პირველ რიგში მაინც მისი იზუალური მხარე განაპირობებს. ტილოსა და მუყაოზე შესრულებული ირეალური ნახატები, არაპროპორციული და განგებ დამახინჯებული დეკორაციები, რომელბზეც ჩრდილები და განათება პირდაპირ იყო დატანილი(ასე ელექტროენერგიის დეფიციტის გამო მოიქცნენ, თუმცა ეს ხერხი მოგვიანებით მიმდინარეობის ერთ-ერთ სტილისტურ დამახასიათებლად იქცა), კუთხეების, ფორმებისა და გეომეტრიული ფიგურების არაორდინალური რაკურსები (გადაზნექილი სახლები და ლამპიონები, დაგრეხილი ბუხრის მილები, დაღრეცილი კიბეები და სხვ.), რთული არქიტექტურული კომპოზიციები, განსაკუთრებული კოსტიუმები და ის მრუდე პოზები, რომლებსაც მსახიობებისთვის არჩევდნენ, ეს ის ნიშნებია, რომლებიც ჩვენ საშუალებას გვაძლევენ უკეთ აღვიქვათ ის სამყარო, რომელსაც მთავარი პერსონაჟი აღწერს.[4] მაყურებელს ყოველთვის ახსოვს, რომ ეს ყოველივე სხივისი მონაყოლია და მისი ცნობიერების ნაკადს წარმოადგენს, მისი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. საშინელებათა ფილმები მანამდეც არსებობდა, მოჩვენებებზე, მონსტრებზე, მერი შელის „ფრანკენშტეინის“ მცირე ვერსიებიც კი იყო გადაღებული, თუმცა მსგავსი როგორც სიუჟეტური, ასევე ვიზუალური გადაწყვეტის და ეფექტის მქონე არაფერი ყოფილა. რობერტ ვინე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოახერხა მაყურებელი მთლიანად ჩაეძირა თავისი პერსონაჟების დამახინჯებული, დანგრეული ფსიქიკის სამყაროში.
გავლენები
რედაქტირებაპირველ რიგში, ფილმი იქცა გერმანიაში ახალი მიმდინარეობის, კინოექსპრესიონიზმის დასაბამად. იმის მიუხედავად, რომ ამ მიმდინარეობამ მხოლოდ ერთი დეკადა იარსება, მნიშვნელოვანია გავიაზროთ მისი გავლენა, რომელმაც დღემდეც მოაღწია. ითვლება, რომ სწორედ ექსპრესიონისტული სტილის განწყობების გავლენით შეიქმნა ამერიკაში ფილმ ნუარი. აგრეთვე, უდავოა მისი გავლენა დღევანდელობის ერთ-ერთ უდიდეს და ყველასათვის ცნობილ რეჟისორზე, ტიმ ბარტონზე, რომლის უნიკალური და გამორჩეული სტილი, სწორედაც რომ ექსპრესიონიზმის ნიშნების მატარებელია. ზოგი კინოკრიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ ვინეს დამახინჯებულმა სამყარომ და კოშმარულმა ვიზუალმა გავლენა იქონია დეივიდ ლინჩის შემოქმედებაზეც, რომელიც იყენებს დიზაინსა და ექსპრესიულ გამოსახულებას თავისი პერსონაჟების ემოციების გასამძაფრებლად. ასე რომ, რომ არ ყოფილიყო „ექიმი კალიგარის კაბინეტი“, არ გვექნებოდა ტიმ ბატონის არც „ბითლჯუსი“, არც „პატარძლის გვამი“, არც „კოშმარი შობის წინ“, და არც ლინჩის “შაშლელთავა“ და „შინაგანი იმპერია“.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.rogerebert.com/reviews/great-movie-the-cabinet-of-dr-caligari-1920
- ↑ https://www.britannica.com/topic/The-Cabinet-of-Dr-Caligari
- ↑ Janowitz, Hans (1941). "Caligari: The Story of a Famous Story". The Cabinet of Dr. Caligari: Texts, Contexts, Histories. New Brunswick, New Jersey: Rutgers University Press.
- ↑ დოლიძე ზ. „მსოფილო კინემატოგრაფიის ისტორია, უხმო კინო“, გამომცემლობა „კენტავრი“, თბილისი, 2016
- ↑ https://www.theskinny.co.uk/film/opinion/how-the-cabinet-of-dr-caligari-changed-cinema