ესტონური სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრადიციული ესტონური სამზარეულო ძირითადად ხორცსა და კარტოფილზე იყო დაფუძნებული, ასევე ზღვისპირა და ტბისპირა ადგილებში თევზზეც. მაგრამ დღესდღეობით მასზე ზეგავლენას ბევრი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო ახდენს და აქ შეხვდებით როგორც საერთაშორისო კერძებს, ასევე მეზობელი ქვეყნების ტრადიციულ სამზარეულოებს. სკანდინავიურ, გერმანულ, რუსულ, ლატვიურ, ლიტვურ და სხვა ქვეყნების გასტრონომიებს ესტონური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში თავისი როლი აქვთ ნათამაშები. ყველაზე ტიპურ ესტონურ საკვებს ჭვავის პური, ღორის ხორცი, კარტოფილი და რძის პროდუქტები მიეკუთვნება.[1] ესტონური კვების ჩვეულებები ისტორიულად წელიწადის დროებთან იყო დაკავშირებული.

ლეივასუპი

ცივი კერძები

რედაქტირება

ტრადიციული ესტონური სამზარეულოს პირველი კერძი როგორც წესი ცივია. ეს არის კარტოფილის სალათთან ან როსოლიესთან ერთად მორთმეული სხვადასხვა მწნილები, ხორცეული და სოსისები. როსოლიე ეს არის პოპულარული ესტონური სალათი, რომელიც ჭარხლით, კიტრის მწნილით, კარტოფილითა და ქაშაყით მზადდება[2], შემდეგ კი ეს ყველაფერი მაიონეზთან ერთად ერევა ერთმანეთს. ზოგიერთი ესტონელი ამბობს რომ თუ სალათს არ აქვს ქაშაყი, მას არ შეიძლება როსოლიე ვუწოდოთ, დანარჩენები კი ამ საკითხს შედარებით მსუბუქად უყურებენ, რადგან დღესდღეობით სალათის ბევრი სახესხვაობა არსებობს, მათ შორის ვეგეტარიანულიც.[3] ასევე საკმაოდ პოპულარულია პატარა ღვეზელები, რომლებსაც ესტონურად პირუკასი ეწოდება. ისინი ხორცის, კომბოსტოს, სტაფილოს, ბრინჯის და სხვა შიგთავსის გვხვდება და ხშირად ხორცის ნახარშის ბულიონთან ერთადაა მორთმეული სუფრასთან. ქაშაყი სხვა თევზებთან ერთად ესტონური "ცივი სუფრის" ხშირი წევრია. შებოლილი ან დამარინადებული გველთევზა და კიბო დელიკატესებად ითვლება, ისევე როგორც იმპორტირებული კიბორჩხალები და კრევეტები. ერთ-ერთ ესტონურ ეროვნულ კერძს რაიმი წარმოადგენს, რომელიც ბალტიის ზღვაში მობინადრე ჯუჯა ქაშაყია.

სუპი ესტონეთში შესაძლოა მთავარ კერძამდეც მიირთვან, თუმცა ტრადიციულად სწორედ ის არის ესტონურ სამზარეულოში ძირითადი კერძი. ის როგორც წესი საქონლის ან ქათმის ხორცის ნახარშისა და სხვადასხვა ბოსტნეულისგან მზადდება. შემდეგ სუპებს ურევენ არაჟანს, რძესა და იოგურტს. ასევე საკმაოდ პოპულარულია ბარდის სუპიც.[2] უნიკალური ესტონური კერძია ლეივასუპი, რომელიც ითარგმნება როგორც "პურის სუპი". ეს შავი პურითა და ვაშლებით მომზადებული ტკბილი სუპია, რომელიც არაჟანთან ან ათქვეფილ კრემთან ერთადაა მორთმეული. მას დარიჩინითა და შაქრით კაზმავენ.

 
ესტონური შავი ჭვავის პური, როგორც პაბში წასახემსებელი

შავი ჭვავის პური თითქმის ყველა ესტონურ კერძს ახლავს თან. ესტონელები კვლავ აფასებენ თავიანთი შავი ჭვავის პურის ნაირსახეობებს.

ტრადიციული სასმელი სახელად კალი, რომელიც რუსული კვასის მსგავსია, კვლავ იბრუნებს პოპულარობას. მოდუ - ძველად ფართოდ გავრცელებული თაფლის ფერმენტაციით მიღებული სასმელი, დღესდღეობით თითქმის სრულიად გამქრალია ესტონური სამზარეულოდან. სხვადასხვა წვენი ან უბრალოდ წყალი მთავარი არაალკოჰოლური სასმელებია. რაც შეეხება ალკოჰოლურს, ადგილობრივად მოხარშული ლუდი ესტონელებისთვის ნომერ პირველი არჩევანია საკვებთან მისაყოლებლად. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ჯერ კიდევ არ არის ლუდზე პოპულარული, მისი მოხმარება უფრო და უფრო ხშირი ხდება. არსებობს ასევე სხვადასხვა ესტონური ღვინოები, რომლებიც ვაშლით ან კენკროვნებით მზადდება.

ასევე ფართოდ გამოიყენება რძე როგორც ბავშვებში, ისევე ზრდასრულებში. სხვა რძის პროდუქტებიდან აღსანიშნავია კეფირი, ჰაპუპიმი (ფერმენტირებული რძე) და დო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Eesti Toit infoserver v2.0.3.0 Archived December 17, 2007, at the Wayback Machine
  2. 2.0 2.1 Estonia by Michael Spilling
  3. rosolje-estonian-potato-beet-salad/ panningtheglobe.com Updated March 29, 2020