ესაი ჰასან-ჯალალიანი
ესაი ჰასან-ჯალალიანი (სომხ. Եսայի Հասան-Ջալալյան; ჩანს 1677 — გ. 1728) — სომეხი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ისტორიკოსი.
ეკუთვნოდა ჰასან-ჯალალიანების ფეოდალურ საგვარეულოს. 1702 წლიდან იყო ე. წ. აღვანური ეკლესიის კათოლიკოსი (კათედრა იყო განძასარის მონასტერში). იღვწოდა სომხური სახელმწიფოს აღდგენისთვის. ამის მიღწევა შესაძლებლად მიაჩნდა რუსეთის მხარდაჭერითა და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის სამხედრო დახმარებით. 1722 წლის მაისიდან რამდენიმე თვით იმყოფებოდა ვახტანგის კარზე თბილისში. მისი თქმით, ქართლის მეფე დიდი ყურადღებით ეკიდებოდა სომხეთის ჯარის ორგანიზაციას ყარაბაღის სიღნაღებში (სიმაგრეებში). 1722 წელს ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქარი დაბანაკდა განჯასთან, სადაც მათ რუსეთის ჯარი უნდა შეერთებოდა. მაგრამ დარუბანდის აღების შემდეგ პეტრე I-მა სპარსეთში ლაშქრობა შეწყვიტა და მოულოდნელად უკან გაბრუნდა. იმედგაცრუებული ესაი ჰასან-ჯალალიანი თანდათან ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1723 წლის შემდგომ ხანებში მან დაწერა მცირე ზომის საისტორიო თხზულება „აღვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი XVIII საუკუნის 20-იანი წლების ქართლის პოლიტიკური ვითარების აღწერასაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- აღვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა და კომენტარები დაურთო კ. კუციამ, თბ., 1971.
- მაისურაძე გ., ესაი ჰასან-ჯალალიანის ნაშრომი – „ალვანეთის ისტორია” ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობის შესახებ, კრ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1968.
- მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.