ერნსტ ემსჰაიმერი (გერმ. Ernst Emsheimer; დ. 15 იანვარი, 1904, მაინის ფრანკფურტი, — გ. 12 ივნისი, 1989, სტოკჰოლმი) — შვედი ფოლკლორისტი, ეთნომუსიკოლოგი, საკრავთმცოდნე.

დაიბადა ფრანკფურტის ებრაულ ოჯახში. სწავლობდა ვენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1932 წელს საბჭოთა კავშირში გადასახდლა. 1932-1936 წლებში მუშაობდა ლენინგრადის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში. ამ პერიოდში მისი კვლევის საგანი იყო კავკასიის ხალხთა მუსიკალური შემოქმედება. 1937 წელს ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებულ ფოლკლორულ ექსპედიციას. 1937 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა შვედეთში. 1949-1973 წლებში იყო სტოკჰოლმის მუსიკის ისტორიის მუზეუმის კურატორი.

ემსჰაიმერმა შეისწავლა, გაშიფრა და ნოტებზე გადაიტანა ოსური (100-ზე მეტი) და გურული (30) ხალხური სიმღერა. ასევე სწავლობდა მონღოლურ, იუგოსლავიურ, ალბანურ, აფრიკულ, ციმბირის ხალხურ მუსიკას. შეაგროვა ხალხური მუსიკალური საკრავების კოლექცია (ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში). დაინტერესებული იყო მრავალხმიანობის საკითხებით, რასაც მიუძღვნა შრომები: „ზოგიერთი შენიშვნა ევროპულ ხალხურ მრავალხმიანობაზე“ (1964) და „ქართული ხალხური მრავალხმიანობა“ (1967).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Studia ethnomusicologica eurasiatica. Bd. 1. Musikmuseet, Stockholm 1964 (gesammelte Aufsätze 1941–1961).
  • Studia ethnomusicologica eurasiatica. Bd. 2. Musikmuseet, Stockholm 1991 (gesammelte Aufsätze 1964–1988).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კალანდაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Ling, J.,In Memoriam. Ernst Emsheimer (1904–1989), Ethnomusicology. Jg. 34, Nr. 3, 1990, — S. 425–428.