ენაგეთის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს გაველურებულ მდგომარეობაში სოფელ ენაგეთში და რადგანაც ვაზის პირვანდელი სახელწოდება დაკარგულია, მას ენაგეთის თეთრი უწოდეს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ღია-მწვანე, მზის მხარეს მოყვითალო-ქარვისფერი. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს.

ენაგეთის თეთრი საშუალო ზრდისა და საკმაოდ მაღალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 173 დღეა. სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-8.7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 115-116