ელიარაშვილები — ქართლის სადედოფლო აზნაურული საგვარეულო. აქტიური ჩანან XVII საუკუნის შუა ხანებიდან. მათი სამოღვაწეო არეალი ისტორიული ქვემო ქართლია, კერძოდ, სომხით-საბარათიანო (ბოლნისის ხეობა). ელიარაშვილებს ქართლის სამეფო კარზეც სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ, ამიტომ ისინი თავიდანვე ჩანან თბილისშიც.

მეწინავე სადროშოს აღწერის მიხედვით, „ბატონს დედოფლის აზნაურიშვილები ელიარაშვილნი“-ს სამოსახლო ბოლნისის ხეობის სოფლებს: შარქარს, ზემო ხუჯაბს, ხუჯაბს, ჭიპექებსა და ჭიმშურს მოიცავდა. ეს სოფლები ფოლადაურის ხეობაში მდებარეობდნენ და როგორც ისტორიული დოკუმენტები მოწმობენ ელიარაშილების სამოღვაწეო არეალიც ამ მიდამოებშია. აქედან, შარქარას სოფელში მხოლოდ დედოფლის აზნაურების ელიარაშვილის ყმები ფიქსირდებიან.

იოანე ბატონიშვილის მოსაზრებით, თითქოსდა, ელარაშვილები კავკასიის მთებიდან მოსულან და 1719 წლიდან ელიყანას შვილები იყვნენ და აქედან წარმოდგა ეს გვარი, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან ელიარაშვილები ქართლში მინიმუმ 1653 წლიდან უკვე აქტიური ჩანან გვარის ამ ფორმითვე, რის გამოც, 1719 წელს ვინმე ელიყანაშვილი ამ საგვარეულოს სათავეს ვერ დაუდებდა.

ისტორიულ დოკუმენტებში უკვე XVII საუკუნიდან ელიარაშვილების საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელია დასახელებული. პირველად მათი მოხსენიება, ამ ეტაპზე მიკვლეული მასალებით 1653 წლით თარიღდება და ქართლის დედოფალს, როსტომ მეფის ცოლს, მარიამ დადიანს უკავშირდება, რომელმაც ელიარაშვილთა წარმომადგენელს ხუჯაბში მიწები უწყალობა. ამის შემდეგ, ამ საგვარეულოს სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან ისტორიულ დოკუმენტებში მთელი XVII და XVIII საუკუნეების მანძილზე.

ელიარაშვილთა გვარი სხვადასხვა ფორმით მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში: ელარაშვილი, ელიარასშვილი, ელარასშვილი. ხოლო XIX საუკუნის რუსულ ოფიციალურ დოკუმენტებში, ელიარაშვილთა ზოგიერთი წარმომადგენელი სხვადასხვა ფორმით გაატარეს: ელაროვი, ელიზაროვი და ელიაზაროვი, რამაც გვარის ჟღერადობა დაამახინჯა.

ელიარაშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდნენ ცნობილი მეიარაღე ოსტატები, მამა-შვილი გეურქა და ყარამან ელიარაშვილები, რომელთა დამზადებული იარაღი განთქმული იყო არამხოლოდ რუსეთის იმპერიაში. გეურქამ რუსეთის იმპერატორის მეიარაღის ტიტულსაც კი მიაღწია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალიშვილი ლ., „თბილისური ფოლადი და ელიარაშვილები“. თბ. 2023, გვ. 256
  • Двалишвили Л. Б., К вопросу о генеалогии оружейника Геурка // Историческое оружиеведение, Москва: Историческое оружиеведение, 2021. — გვ. 78-116.