ეკონომიკური კიბერნეტიკა

ეკონომიკური კიბერნეტიკა — მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს კიბერნეტიკის ზოგადი კანონებისა და მეთოდების გამოყენებას ეკონომიკური პროცესების მართვასა და რეგულირებაში. ფართო გაგებით ეკონომიკური კიბერნეტიკა ეკონომიკაში მართვის პროცესების კვლევის მეთოდების ერთობლიობაა.

ეკონომიკური კიბერნეტიკის ცნება XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა ვ. ნემჩინოვის (სსრკ), ო. ლანგეს და ჰ. გრენევსკის (პოლონეთი), ს. ბირის (დიდი ბრიტანეთი) შრომებში. იგი მოიცავს ეკონომკური სისტემებისა და მოდელების თეორიას, ეკონომიკის სისტემური ანალიზისა და მისი მოდელირების მეთოდოლოგიას, ეკონომიკური ინფორმაციის თეორიას, რომელიც ეკონომიკას განიხილავს როგორც ინფორმაციულ სისტემას და სწავლობს ეკონომიკურ-ინფორმაციულ ნაკადებს.

საქართველოში ეკონომიკური კიბერნეტიკა ვითარდებოდა სამეცნერო-კვლევით ინსტიტუტებსა და თსუ-ში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში დაამუშავეს წარმოების ნატურალურ-ნივთობრივი ეფექტიანობის ამაღლების პრობლემები (ვ. პაპავა), რეგიონული ბუნებათსარგებლობის ეკონომიკური პრობლემების მრავალმიზნობრივი ოპტიმიზაციური მოდელები (გ. წერეთელი), დეფიციტური ეკონომიკის მოდელირების მექანიზმი (რ. სარჩიმელია) და სხვ.; საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში – საქართველოს დარგთაშორისი კავშირების მოდელირების (მ. კეკელიძე, ს. სანაძე და სხვ.) და მაკროეკონომიკური პროგნოზირების ერთპროდუქტიული და მრავალპროდუქტიული მოდელები (ი.მესხია), მიღწეულია რიგი მნიშვნელოვანი მეცნიერული შედეგები.

თბილისის სსახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების (ახლანდ. ეკონომეტრიკის) კათედრაზე დამუშავდა აგრეგირებული დარგთაშორისი კავშირების მოდელირების საკითხები (ი. ანანიაშვილი) და რეგიონთაშორისი დარგთაშორისი კავშირების მოდელები, რომელთა საფუძველზეც შედგა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) რეგიონთაშორისი ბალანსი (კ. აჩელაშვილი). ქართველ მეცნიერთა კვლევის შედეგები ეკონომიკური კიბერნეტიკის დარგში აღიარებულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ასახულია აღნიშნულ მეცნიერთა მონოგრაფიებსა და მრავალ სამეცნიერო სტატიაში. თბილისის სსახელმწიფო უნივერსიტეტში 1970–2006 ამზადებდნენ უმაღლესი კვალიფიკაციის შესაბამის სპეციალისტებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აჩელაშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 602-603.
  • კობრინსკი ნ., მაიმინასი ე., სმირნოვი ა., შესავალი ეკონომიკურ კიბერნეტიკაში, თარგმ. რუსულიდან, თბ., 1980;
  • Lange O., Wstęp do cybernetyki ekonomicznej, Warsz., 1965