ევროპის ტყე, სხვაგვარად მინისტრთა კონფერენცია ევროპის ტყეების დაცვის შესახებ (Ministrial Conference on the Protection of Forests in Europe - MCPFE) — საერთოევროპული პოლიტიკური პროცესი ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. მისი წევრი 46 ქვეყანა და ევროკავშირი ავითარებს ერთიან სტრატეგიებს საკუთარ ტერიტორიაზე ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. დაარსდა 1990 წელს. უწყვეტი თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა ტყის მდგრადი მართვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და კრიტერიუმების მიღება. ამ ევროპულ ინიციატივას დიდი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მნიშვნელობა აქვს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ევროპის ტყეების პირველხარისხოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ტყეების როლი გაზრდა კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებაში, ხარისხიანი მტკნარი წყლის უსაფრთხო მიწოდებაში, ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ტყის პროდუქტების მიღებაში. მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ტყეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომავალი თანამშრომლობის სქემის შემუშავება და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შესაძლებლობების შესწავლა. „ევროპის ტყის“ კონფერენციების მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს რამდენიმე არაევროპული ქვეყანა, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ორგანიზაციები.

მინისტრთა კონფერენცია ევროპის ტყეების დაცვის შესახებ
აბრევიატურა MCPFE
შეიქმნა 1990
მიზანი ევროპის ქვეყნების ტყეების მდგრადი მართვა
ენა ინგლისური

ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები რედაქტირება

ევროპის ტყეების ფარგლებში ტყის მდგრადი მართვისათვის შემუშავდა ექვსი კრიტერიუმი და მათთან დაკავშირებული ინდიკატორები:

  1. ტყის რესურსების შენარჩუნება და შესაბამისად, გლობალური ნახშირბადის ციკლში მათი წვლილის გაფართოება.
  2. ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.
  3. ტყეების პროდუქტიულობის (მერქნული და არამერქნული) შენარჩუნება და გაზრდა.
  4. ტყის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, კონსერვაცია და გაუმჯობესება.
  5. სატყეო მენეჯმენტის გზით ტყის დაცვითი ფუნქციების (კერძოდ ნიადაგის და წყლის) შენარჩუნება, კონსერვაცია და გაძლიერება.
  6. სხვა სოციალური და ეკონომიკურ ფუნქციების და პირობების შენარჩუნება.

ეს კრიტერიუმები და ინდიკატორები წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავებისათვის. მსგავსი კრიტერიუმებია შემუშავებული სხვა რეგიონული და ინტერ-რეგიონული პოლიტიკური ინიციატივების მიერაც. ყველა ამ დოკუმენტით შემუშავებული კრიტერიუმები შეესაბამება ტყის მდგრადი მართვის შვიდ თემატურ ელემენტს, რომლებიც აღიარებულია გაეროს მიერ:

  1. ტყის რესურსების მოცულობა
  2. ბიოლოგიური მრავალფეროვნება
  3. ტყის სიჯანსაღე და სიცოცხლისუნარიანობა
  4. ტყის რესურსების პროდუქტიული ფუნქციები
  5. დამცავი ფუნქციები ტყის რესურსების
  6. სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები
  7. სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო

ევროპის ტყის დაცვის მინისტერიალის მიერ შემუშავებულია სახელმძღვანელო პრინციპები სატყეო სექტორში საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით; საზოგადოების მონაწილეობის როლი ტყის მდგრად მართვაში გამოიხატება შემდეგში:

  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყისა და მეტყევეობის შესახებ;
  • ტყისაგან მაქსიმალური სარგებლის მიღება (ამაში იგულისხმება არა ტყის მერქნული რესურსის მაქსიმალური რაოდენობით მოპოვება, არამედ ტყის ყველა ეკოსისტემური სერვისის ‐ მაგ. ნიადაგდამცავი, კლიმატის მარეგულირებელი, სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველმყოფი და ა.შ., მათ შორის მერქნით მომარაგების ფუნქციის თანაბარი შენარჩუნება და მდგრადი გამოყენება);
  • მიღებული შემოსავლებისა და სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილება;
  • ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი მხარდაჭერით.

მინისტერიალის დოკუმენტებში განსაზღვრულია სატყეო სექტორში საზოგადოების მონაწილეობის ოთხი ძირითადი ტიპი:

  1. სატყეო პოლიტიკის (კანონმდებლობა), პროგრამების და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  2. საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა სპეციფიკურ სატყეო პროექტებში;
  3. სატყეო პროექტებისა და პრაქტიკული საქმიანობის საზოგადოებრივი მონიტორინგი;
  4. მრჩეველთა საბჭოები საზოგადოების რეკომენდაციების მიღების ან კონფლიქტების მართვის მიზნით ევროპის ტყის დაცვის შესახებ (MCPFE) მინისტრთა კონფერენციის მიერ მიღებული რეზოლუციები და დოკუმენტები დღეისათვის არ წარმოადგენს სამართლებრივი თვალსაზრისით აუცილებლად შესასრულებელ დოკუმენტებს. თუმცა, სატყეო პოლიტიკის გაუმჯობესებისათვის ძალზე სასარგებლო იქნება აქ მოცემული რეკომენდაციების გამოყენება. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ევროპული ინიციატივა სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს, რასაც 2011 წელს ოსლოში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება