ევგენი დალეჯიო დ'ალესიო
ევგენი დალეჯიო დ'ალესიო (იტალ. Eugène Dallegio d'Alessio; დ. 7 ოქტომბერი, 1888, სტამბოლი, — გ. 1983?, იქვე) — იტალიელი მკვლევარი, წარმოშობით წარჩინებულ ვენეციელთა საგვარეულოდან.
დაიბადა და სწავლობდა სტამბოლში. ოცი წლის ასაკიდან ისტორიულ გამოკვლევებს ბეჭდავდა სტამბოლის ცნობილ გაზეთ „ლა ტიურკი“-ში („La Turquie“). მუშაობდა არქეოლოგიაშიც. 1918 წელს გაიცნო სტამბოლში ჩასული ქართული დიპლომატიური მისიის წევრები და მის მდივნად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ამავე თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს საკონსულოში. იმოგზაურა საქართველოშიც, ისწავლა ქართული ენა. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა ქალაქის ქართული დიასპორის ისტორიასა და კულტურას. ფრანგულ ენაზე დაწერა ნარკვევი „ქართველები კონსტანტინოპოლში“ (სტამბოლი, 1921). ამ ნაშრომში განხილულია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა, მოცემულია ოსმალეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა, მათი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ქართული ენა და ქართული წესები, აღწერილია აგრეთვე ქართველების ახალშენი სტამბოლში, სასაფლაო, ფერი-კვეის ქართული სავანე და სხვ. აქვს ასევე შრომები სტამბოლის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა საკითხის შესახებ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქართველები კონსტანტინოპოლში და სპარსეთში / რედაქტორი : გივი ალხაზიშვილი, თბ., 1990;
- Galata et la souveraineté de Byzance. In: Revue des études byzantines, tome 19, 1961. pp. 315-327.
- Galata et ses environs dans l'antiquité. In: Revue des études byzantines, tome 4, 1946. pp. 218-238.
- La communauté latine de Constantinople au lendemain de la conquête ottomane. In: Échos d'Orient, tome 36, n°187, 1937. pp. 309-317.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.