დოროთეა ბიელი
დოროთეა ბიელი (დ. 21 მარტი, 1831 — გ. 9 ნოემბერი, 1906) — სუფრაჟისტი, საგანმანათლებლო რეფორმატორი და ავტორი. იგი იყო ჩელტენჰემის ქალთა კოლეჯის დირექტორი და ოქსფორდის წმინდა ჰილდას კოლეჯის დამფუძნებელი.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული და ოჯახური ცხოვრება
რედაქტირებადოროთეა ბიელი დაიბადა 1831 წლის 21 მარტს. იგი იყო მაილს ბიელის და დოროთეა მარგარეტ კომპლინს მეოთხე შვილი. წყვილს სულ თერთმეტი შვილი ჰყავდა. მისი მამა მაილს ბიელი ქირურგი და სოციალური და საგანმანათლებლო რეფორმის მომხრე იყო. იგი თვლიდა, რომ მისი ქალიშვილებისათვის უნდა მიეცა შესაძლებლობა განევითარებინათ საკუთარი გონება და კარიერა მათი სურვილისამებრ აერჩიათ. ბიელის დედა იყო წარმოშობით ფრანგი ჰუგენოტების ოჯახიდან. მისი ბიძაშვილი იყო ფემინისტი კაროლინ კორნუალისი, რომლის შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა ბიელის ოჯახზე. დედის ოჯახსაც ასევე სურდა ქალები ინტელექტუალურად განვითარებულიყვნენ. ამის გამო ის პატარა ასაკიდანვე აქტიურად დაინტერესდა საგანმანათლებლო და სოციალური საკითხებით. იმის მაგივრად, რომ გარეთ ეთამაშა, მან თავისუფალ დროს შინ დარჩენა და სწავლა ამჯობინა.[2] 13 წლამდე განათლებას იღებდა ნაწილობრივ სახლში და ნაწილობრივ სტრეტფორდში, ესსექსის სკოლაში. შემდეგ იგი ესწრებოდა ლექციებს გრეშამის კოლეჯში და კროსბი ჰოლის სალიტერატურო ინსტიტუტში, სადაც განივითარა მათემატიკური უნარი.[1]როდესაც დოროთეა თექვსმეტ წლის იყო ერთი წლით პარიზის სკოლაში გააგზავნეს.[3]
კარიერა
რედაქტირებამან 1849 წელს 18 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და მიიღო სერთიფიკატები ექვსი სხვადასხვა მიმართულებით: გეოგრაფია, მათემატიკა, ინგლისური, ლათინური, ფრანგული და გერმანული. მისმა მაღალმა აკადემიურმა მოსწრებამ მას შესაძლებლობა მისცა რომ კოლეჯ ქვინსში მასწავლებელი გამხდარიყო.[3] ის პირველი ქალი გახდა, რომელიც კოლეჯში თანამდებობაზე დაინიშნა. იქ ყოფნის შვიდი წლის განმავლობაში, ის გახდა ლათინური ენის ინსტრუქტორი, შემდეგ კი სკოლის მთავარი მასწავლებელი. იქ მუშაობის დროს იგი იმედგაცრუებული დარჩა იმ შეზღუდვებით, რომელიც ქალთა ფაკულტეტს ეკისრებოდა. მას ასევე არ მოეწონა, როდესაც სკოლაში დაიწყო მისაღები სტანდარტების შემცირება. მან ვერ შეძლო საკუთარი სტანდარტების შემოღება და 1856 წელს საბოლოოდ დატოვა სამსახური.[2] ბიელი 1856 წელს გახდა კასტერტონის სკოლის მთავარი მასწავლებელი. სკოლის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და იქაურობა დანიშვნიდან ერთ წელიწადში დატოვა.[3] ახალი სამუშაოს ძიებისას, ბიელე მათემატიკასა და ლათინურს ასწავლიდა მის ელვალის სკოლაში ბარნსში და შეადგინა ინგლისური ენისა და ზოგადი ისტორიის სტუდენტთა წიგნი მასწავლებლებისთვის.[1] ეს წიგნი პოპულარული გახდა და დაეხმარა მას ჩელტენჰემის ქალთა კოლეჯში მთავარ მასწავლებლად მუშაობის დაწყებაში. იმ დროს სკოლას მხოლოდ ზომიერი რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ბიელის ხელმძღვანელობით, იგი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გახდა.[3] 1858 წლის 16 ივნისს, ბიელი ამ კოლეჯის დირექტორად დაინიშნა და პოზიცია თითქმის 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. მისი საგანმანათლებლო რეფორმები მოიცავს სტუდენტების სასწავლო გეგმის გაფართოებას ისტორიაში, მათემატიკასა და სამეცნიერო კონცეფციებში.[1] 1865 წელს იგი მიიწვიეს ქალთა განათლების მდგომარეობის ჩვენების მისაცემად, ბრიტანეთის მთავრობის სკოლის საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში. კომისიის წინაშე წარდგენისას მან აღწერა საშინელი უცოდინრობა საშუალო და მაღალი კლასის ახალგაზრდა ქალებს შორის.[2]1869 წელს ბიელმა, გამოაქვეყნა მოხსენებები გოგონების განათლების შესახებ. 1880 წელს, დააარსა ჟურნალი "Cheltenham Ladies 'College Magazine" და დარჩა მის რედაქტორად გარდაცვალებამდე. 1884 წელს, დოროთეამ დააარსა წმინდა ჰილდას კოლეჯი, რომელიც 1912 წლისთვის 2500 სტუდენტს აერთიანებდა. 1895-1897 წლებში ბიელი იყო დირექტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა მრავალი საგანმანათლებლო საზოგადოების წევრი.[1] დოროთეა ბიელი ასევე მონაწილეობდა განათლების ეროვნული სტანდარტის გაუმჯობესების მცდელობებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უფროს ქალბატონთა ასოციაციასა და მასწავლებელთა საზოგადოებაში.[3] 1865 წელს დოროთეა ბიელი შეუერთდა ემილი დეივისს, ელიზაბეტ გარეტს და კიდევ რვა სხვა ქალბატონს და შექმნეს სადისკუსიო ჯგუფი სახელწოდებით კენსინგტონის საზოგადოება. 1867 წელს ჯგუფმა შეადგინა პეტიცია, რომელშიც პარლამენტს სთხოვდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცათ. მათმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ჯონ სტიუარტ მილიმ დაამატა ცვლილება 1867 წლის რეფორმის აქტში, რომელიც ქალებს აძლევდა მამაკაცების მსგავს პოლიტიკურ უფლებებს. ცვლილება არ განხორციელდა, რამაც აიძულა კენსინგტონის საზოგადოების წევრები ჩამოეყალიბებინათ ლონდონის სუფრაჟისტული საზოგადოება. დოროთეა ბიელი კი გახდა სუფრაჟისტული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.[3]
ბოლო წლები და გარდაცვალება
რედაქტირებამის შემდგომ წლებში ბიელმა მიიღო აღიარება და წარჩინებები განათლების სფეროში მიღწეული მიღწევებისთვის. 1902 წელს ედინბურგის უნივერსიტეტმა მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, განათლების სფეროში გაწეული სამსახურისთვის.[2] იგი მეორე ქალი გახდა, რომელმაც ასეთი საპატიო ხარისხი მიიღო. დოროთეა ბიელი გარდაიცვალა კიბოს ოპერაციის შემდეგ, ჩელტენჰემის მოხუცთა თავშესაფარში, 1906 წლის 9 ნოემბერს. ცხედარი პერი ბარის კრემატორიუმში დაწვეს, ნაცარი კი გლოსტერის ტაძრის სამლოცველოს სამხრეთ მხარეს მდებარე პატარა საცავში დამარხეს.[1]
ინტერნეტ რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Wikipedia contributors. (2020, December 28). Dorothea Beale. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 08:42, March 13, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Dorothea_Beale&oldid=996741171
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 "Dorothea Beale ." Encyclopedia of World Biography. . Encyclopedia.com. 13 Mar. 2021 <https://www.encyclopedia.com>.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 https://spartacus-educational.com/Wbeale.htm