დორიან გრეის პორტრეტი
„დორიან გრეის პორტრეტი“ (ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით.
დორიან გრეის პორტრეტი | |
---|---|
სრული სათაური |
დორიან გრეის პორტრეტი The Picture of Dorian Gray |
ჟანრი | რომანი |
ავტორი | ოსკარ უაილდი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
გამოცემულია | 1890 |
მოკლე შინაარსი
რედაქტირებაზაფხულის მზიან დღეს ნიჭიერი მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი თავის სახელოსნოში ძველ მეგობარს, ლორდ ჰენრი უოტონს ხვდება 一 ესთეტს, ეპიკურეს მიმდევარს, რომელშიც ადვილად ამოიცნობა თავად ავტორი. სწორედ უოტონს ათქმევინებს უაილდი თავისი ცნობილი აფორიზმების უმრავლესობას. ახალი იდეით შთაგონებული ჰოლუორდი დიდი გატაცებით მუშაობს ახალგაცნობილი, ძალზე ლამაზი ყმაწვილის პორტრეტზე. ყმაწვილი ოცი წლისაა და მას დორიან გრეი ჰქვია.
სახელოსნოში მისული დორიანი დიდი ინტერესით ისმენს უოტონის პარადოქსულ მსჯელობას, ხოლო ბეზილი და ლორდი ჰენრი მოხიბლულნი არიან ყმაწვილის სილამაზით. და აი, პორტრეტი დასრულებულია, ყველა აღფრთოვანებულია მისი სრულყოფილებით. ოქროსფერთმიანი, მშვენიერების მოტრფიალე და საკუთარი თავით კმაყოფილი დორიანი ხმამაღლა ოცნებობს: „რა კარგი იქნებოდა, მხოლოდ პორტრეტი რომ იცვლებოდეს, მე კი ისევ ისეთი ვიყო, როგორიც დღეს ვარ“. გულაჩუყებული ბეზილი ყმაწვილს პორტრეტს ჩუქნის.
ბეზილის წინააღმდეგობის მიუხედავად, დორიანი ლორდ ჰენრის მიწვევას იღებს. მისი წყალობით მაღალი წრის საზოგადოებაში ტრიალებს, ესწრება წვეულებებს, საღამოობით ოპერაში დადის. ჰენრი საკუთარი ბიძის, ლორდ ფერმერისგან დორიანის წარმომავლობის შესახებ შეიტყობს: მდიდარი მეურვის მიერ აღზრდილმა ყმაწვილმა დიდად განიცადა დედამისის უდროოდ გარდაცვალება. მან საკუთარი ბედი უბრალო ოფიცერს დაუკავშირა (გავლენიანი სიმამრის წაქეზებით ოფიცერი დუელში მოკლეს).
დორიანს დამწყები მსახიობი სიბილ ვეინი შეუყვარდება 一 „ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი, ყვავილივით ლამაზი, ბერძნული პროფილით და თავზე შემოხვეული შავი ნაწნავებით. უძირო ლურჯი თვალებით, ტუჩები კი ვარდის ფურცლებს მიუგავდა“. ის საოცარი შთაგონებით თამაშობს შექსპირის პერსონაჟებს ისტ-ენდის ერთ უბადრუკ თეატრში. სიბილი დედასა და ძმასთან 一 ჯეიმზთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობს. თექვსმეტი წლის ჯეიმზს გადაწყვეტილი აქვს სავაჭრო გემით ავსტრალიაში გაემგზავროს. ქალიშვილისთვის დორიანი მშვენიერი პრინცია, ციდან დედამიწაზე რომ დაეშვა. სიბილსაც აქვს თავისი საიდუმლო, რომელსაც არავის უმხელს 一 ის და ჯეიმზი უკანონო ქორწინების შედეგად იშვნენ.
გულუბრყვილო იდეალისტი დორიანი, რომლისთვისაც სიბილი სილამაზისა და ნიჭიერების განსახიერებაა, თავისი ნიშნობის შესახებ ბეზილსა და ლორდ ჰენრის ამცნობს. ისინი დიდად არ აღფრთოვანებულან ყმაწვილის ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა თანხმდებიან, დაესწრონ სპექტაკლს, რომელშიც დორიანის რჩეული ჯულიეტას როლს ასრულებს. მომავალი ბედნიერებითა და იმედებით გაბრუებული სიბილი უღიმღამოდ, თითქოსდა ძალდატანებით თამაშობს. სპექტაკლი ჩავარდება, რაც ლორდ ჰენრის ქილიკს იწვევს. ბეზილის ტაქტიანი თანაგრძნობა კი საბოლოოდ დაუნგრევს დორიანს ოცნებების კოშკს. ის ასე მიმართავს სიბილს: „თქვენ მოკალით ჩემი სიყვარული!“.
მწარე სინამდვილე და ილუზიების მსხვრევა დორიანში საოცარ ემოციებს იწვევს. ძილი არ ეკარება და მთელი ღამე ლონდონის ქუჩებში დახეტიალობს. დილით გადაწყვეტს, შეყვარებულს წერილი მისწეროს და შერიგება სთხოვოს, მაგრამ შეიტყობს, რომ სიბილმა თავი მოიკლა. ამ ტრაგიკულ მოვლენაზეც განსხვავებულად რეაგირებენ მეგობრები: ბეზილი დორიანს გამხნევებას ურჩევს, ხოლო ლორდი ჰენრი ეუბნება, რომ „არ ღირს სიბილ ვეინის გამო ცრემლების ღვრა“. ის დორიანს თეატრში ეპატიჟება და ჰპირდება, რომ თავის მომხიბლავ დას 一 ლედი გვენდოლენს გააცნობს. ყმაწვილი თანხმდება, რაც ბეზილის გაოცებას იწვევს. მხოლოდ მის მიერ შესრულებულ პორტრეტზე აისახება ის სულიერი მეტამორფოზა, რასაც დორიანი განიცდის: მის უზადო სახეზე პირველი ნაოჭი ჩნდება. შეშფოთებული დორიანი პორტრეტს სხვენში აიტანს.
სულიერი წონასწორობის აღდგენაში მას კვლავ „ერთგული“ მეგობარი 一 ლორდი ჰენრი ეხმარება. მისი რჩევით, დორიანი დიდი გატაცებით კითხულობს უცნობი ფრანგი ავტორის ერთ უცნაურ წიგნს 一 ფსიქოლოგიურ ეტიუდს ადამიანზე, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა. წიგნით მოხიბლული და თავის თავზე უზომოდ შეყვარებული დორიანი, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში (ამ პერიოდს რომანში მხოლოდ ერთი თავი ეთმობა) „დიდი ინტერესით აკვირდება საკუთარ სულიერ დეგრადაციას“. ის ფიზიკურად ისეთივე ლამაზია, როგორიც უწინ. მისთვის უცხო რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობს, ანტიკვარულ ნივთებსა და ძვირფას ქვებს აგროვებს. ნარკოტიკული თრობის მოტრფიალეა და ქალების გულთამპყრობელიც, მაგრამ თავად სიყვარული არ შეუძლია. ის გულქვა ადამიანია, რომლისთვისაც უცხოა ერთგულება და თანაგრძნობა.
ბეზილ ჰოლუორდს, რომელსაც ამჟამად დორიანთან აღარაფერი აკავშირებს, არაერთხელ; გაუკიცხავს მეგობარი. პარიზში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ ეწვევა და სთხოვს, გონს მოეგოს, თუმცა ამის საპასუხოდ დორიანი ბეზილს საკუთარ პორტრეტთან მიიყვანს და ეუბნება, რომ ეს არის მისი ნამდვილი სახე. ბეზილი შეძრწუნებულია 一 პორტრეტიდან მას ბოროტად მომზირალი მოხუცი შეჰყურებს. სანახაობა დორიანისთვის იმდენად აუტანელი აღმოჩნდება, რომ გამწარებული მეგობარს კისერში დანას ჩასცემს. კვალის დაფარვის მიზნით თავის ყოფილ თანამეინახეს 一 ქიმიკოს ალან კემპბელს მიმართავს. შანტაჟის გზით ის კემპბელს აიძულებს, ბეზილის სხეული აზოტმჟავით გაანადგუროს.
ზოგჯერ, სინდისი რომ შეაწუხებს, ნარკოტიკებს მიეძალება. ეს ერთხელ კინაღამ ძვირად დაუჯდა: ლონდონის ერთ-ერთ საროსკიპოში ნასვამი მეზღვაური აუხირდება 一 ჯეიმზ ვეინი, სიბილის ძმა, რომელსაც მთელი ეს წლები შურისძიების გრძნობა არ ასვენებდა.
დორიანი ფიზიკურად არ შეცვლილა, მაგრამ მის პორტრეტზე ეს არ ითქმის. „ეს პორტრეტი ხომ მისი სინდისია, დიახ, სინდისი და ის უნდა განადგურდეს“, 一 ასკვნის დორიანი. დღეს ის სულიერი ბანკროტია, ადამიანი, რომელმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და უამრავი სიბინძურე ჩაიდინა. ამაოდ შურს სოფლელი გოგონას უმანკოების ან თავისი თანამზრახველის 一 ალან კემპბელის საქციელისა, რომელმაც სინდისის ქენჯნას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, აგრეთვე ლორდ ჰენრის არისტოკრატიზმის, რომლისთვისაც მორალური ბარიერები არ არსებობს და მიაჩნია, რომ „ნებისმიერი დანაშაული ვულგარულია“.
გვიან ღამით, დანით შეიარაღებული დორიანი პორტრეტს მივარდება, რათა ნაკუწებად აქციოს. ხმაურზე მისულ მსახურებს, იატაკზე, ფრაკში გამოწყობილი მოხუცის გვამი დახვდებათ, იქვე კი პორტრეტია 一 თავისი ჩვეული სიდიადით, დრომ რომ ვერაფერი დააკლო.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- რომანი ეკრანიზებულია 25-ჯერ.
- ეს რომანი დაიწერა სამ კვირაში.
- არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“ — ახალგაზრდობის კულტი, ფიზიკური დაბერების შიში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 1890 წლის გამოცემის ასლი & კრიტიკული ვერსია ვიქტორიას უნივერსიტეტში
- The Picture of Dorian Gray ონლაინ კითხვა ბიბლიომანიის საიტზე.
- „The Picture of Dorian Gray (13-chapter version)“ — Project Gutenberg-ზე
- „The Picture of Dorian Gray (20-chapter version)“ — Project Gutenberg-ზე
- Audioversion at LibriVox
- The Picture of Dorian Gray დაარქივებული 2019-10-14 საიტზე Wayback Machine. study guide, themes, quotes, literary devices, character analyses, teacher resources