დორეთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

დორეთკარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარში, ჭურთის ხეობაში. აგებულია გარდამავალ ხანაში

ეკლესია სამხრეთის მოკლე მინაშენით ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ღრმა აბსიდი ოდნავ შებრტყელებულია. მის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი, ხოლო სამხრეთით ორი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სამხრეთის ერთ-ერთი ნიშა სამალავს წარმოადგენს. საკურთხეველს ხარისხი შემოუყვება. ოდნავ შებრტყელებული კონქი გადაყვანილია ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

ეკლესიის გრძივ კედლებზე შემორჩენილია იმპოსტები. სარკმლები მოთავსებულია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში, აქედან დასავლეთისა თაღოვანია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია, კარი ნაოთხალია. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის კვალი. ეკლესიის სამხრეთი მინაშენის კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. არქიტრავული შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. ფასადები სადაა, კარნიზი მარტივპროფილიანია. სახურავად გამოყენებულია ფიქალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 57-58