დოდოთის წმინდა გიორგის ეკლესია

დოდოთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დოდოთში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

ეკლესია სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 4 კმ-ზე მდებარეობს. დარბაზული ეკლესია ნაგებია ადგილობრივი ჯიშის, რუხი ფერის ქვის დიდი და საშუალო ზომის კვადრებით.

აღმოსავლეთით ასიმეტრიული აბსიდა შეიძლება კედლის დეფორმაციის შედეგი იყოს. აბსიდას კუთხეებში ორი სწორკუთხა ნიშა აქვს, ცენტრში კი თაღოვანი სარკმელი. კედელზე მიდგმულია ტრაპეზის ქვა. კონქი სფერულია. კანკელისაგან გადარჩენილია ჩრდილოეთი ნახევრის მცირე ფრაგმენტი.

კამარა და ჩრდილოეთ კედლის ზედა, აღმოსავლეთი ნაწილი ჩამონგრეულია, ისევე როგორც დასავლეთ კედლის ჩრდილოეთი ნაწილი. ამ კედლის სარკმლისაგან მხოლოდ სამხრეთი წიბოა გადარჩენილი.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. სამხრეთი კედლის მთელი დასავლეთი ნახევარი ისეა დაზიანებული, რომ კარების კონტური არ იკითხება.

ინტერიერის კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით, ფასადები კი დიდი ზომის კვადრებით. სამხრეთ კედელთან დევს მასიური არქიტრავი, რომელზედაც ამოკვეთილია სამმაგი ლილვისაგან შედგენილი რკალი. ფასადები მრავალ ადგილასაა დაზიანებული; ჩამოყრილია საპერანგე ქვები; კედლები დაბზარულია; ამოსულია მცენარეულობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 57