დობილნი — აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რწმენით ჯვარ-ხატის დამხმარე ზებუნებრივი არსებანი, რომელთაც ღვთაება შემცოდეთა დასასჯელად იყენებდა.

წარმოდგენილი ჰყავდათ პატარა ბავშვების სახით, რომლებიც უთვალავი რაოდენობით დილის მზის სხივებს მოჰყვებოდნენ და სოფელს მოეფინებოდნენ, საღამოს კი ჩამავალ მზის სხივებთან ერთად გაიკრიფებოდნენ.

გადმოცემით, ალმაცერი სხივებით განათებულ ადგილებში საშიში იყო ქალებისა და ბავშვების სიარული. დობილნი მათ აავადებდნენ, მამაკაცებს კი, რადგან მათ ძლიერი ანგელოზი მფარველობდა, ვერ ერეოდნენ. ჯვარ-ხატების მიდამოებში აგებული იყო მათი სახელობის ნიშები, ე. წ. „დობილთ კოშკები“, სადაც სრულდებოდა ლოცვა და შეწირვა — „აშალის“ (პატარა ზომის თხელი მრგვალი პურის კვერები) გადაყრა ბავშვებისათვის.

ავადმყოფობის გართულების შემთხვევაში მათ თიკანსაც სწირავდნენ. ეთნოგრაფ ვერა ბარდაველიძის შეხედულებით, ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში დობილნი დღის მნათობის სხივებს განასახიერებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოჩიაური ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1988.
  • Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племён, Тб., 1957.