დმანისის ნაქალაქარის ზემოუბნის ეკლესია
დმანისის ნაქალაქარის ზემოუბნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში. თარიღდება XIII საუკუნით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებანაგებია ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული და ბაზალტის ქვებით. მეტ-ნაკლებადაა დაცული წყობის ჰორიზონტალობა. ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავულია. სარკმელი სამია: სამხრეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის, სამივე თაღოვანი და შიგნითკენ წირთხლებგაგანიერებული. კედლები თაროსებრი ლავგარდნით იყო დასრულებული, რომლის კვალი სამხრეთის და ჩრდ. კედლებზეა შერჩენილი. აფსიდა ნახევარწრიულია მხრით გამოყოფილი. კონქი წვრილი ქვით იყო ნაწყობი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ღრმა და ოთხკუთხა ნიშაა. დარბაზის კედლები დაუნაწევრებელია. წვრილი ქვით გადაყვანილი კამარა პირდაპირ კედლებს ებჯინებოდა. ეკლესია დაზიანებულია, კონქი და კამარა ჩამოშლილია. ეკლესიის ფასადებში ჩართულია ადრეშუა საუკუნეების სტელის სხვადასხვა ნაწილები რელიეფებით და ასევე უფრო გვიანი პერიოდის წითელი ტუფის ორნამენტული ქვები. 1986 წ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიის გვერდით რამდენიმე მეტრში მეორე უფრო მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გაითხარა, რომლის აღმოსავლეთის ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია ისეთივე წყობითა და ქვით ყოფილა ნაგები, როგორითაც მის გვერდით მდგარი ეკლესია, თუმცა აფსიდა შეღუნული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი შიგნითკენ წირთხლებგაგანიერებული ყოფილა. ზედა ნაწილი შემორჩენილი არაა. სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი სტელის ქვებითაა ამაღლებული. ეკლესიის ფასადები მოკლებულია მორთულობას. ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებული ყოფილა სათავსები. ორივე ეკლესია საკუთარ გალავანშია ჩართული და ორივე დმანისის ქალაქობის დროინდელი უნდა იყოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29857