დიატონიკა (ძვ. ბერძნ. διατονικός, διάτονος – გაწელილი, ტონიდან ტონში გარდამავალი < dia – აქეთ, გასწვრივ და tonos – ტონი) — მუსიკალურ ბგერათა სისტემა, რომელიც წარმოიშობა კილოს ბგერების მთელი და ნახევარტონური გამისებური მიმდევრობის შედეგად. დიატონიკა ხალხური და პროფესიული ევროპული მუსიკის კილოური წყობის საფუძველია.

დიატონური კილოებია ბუნებრივი მაჟორი და ბუნებრივი მინორი, აგრეთვე ე. წ. ძველბერძნული ან შუა საუკუნეების საეკლესიო კილოები (იონიური, დორიული, ფრიგიული და ა. შ.). არსებობს ოქტავური და არაოქტავური კილოები.

დიატონიკა ქართული ხალხური მუსიკის საფუძველს წარმოადგენს. აქ ძირითადად ვხვდებით არაოქტავურ კილოებს, ე. წ. კვარტულს აღმოსავლეთ საქართველოში და კვინტურს უმთავრესად დასავლეთ საქართველოში. ქართული ხალხური მუსიკალური სისტემის საფუძველს წარმოადგენს მიქსოლიდური (დაბალი დეციმით), ეოლიური, დორიული (დაბალი სუბკვარტული საფეხურით) და სხვა კილოები, გარდა დიატონური კილოებისა, საქართველოს მთიან რეგიონებში (ხევსურეთი, ფშავი) ვხვდებით აგრეთვე ანჰემიტონურ კილოებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში — ალტერირებულ კილოებს.

ლიტერატურა

რედაქტირება